ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემდეგ, ევროპარლამენტი ასოცირების შეთანხმების გადახედვას ითხოვს
ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის მხილების ანგარიშს ევროპარლამენტი რამდენიმე კვირაში დაამტკიცებს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან ერთად, ბრიუსელმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას უნდა გადახედოს.
ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან 2014 წელს გაფორმდა. მას შემდეგ ბრიუსელში არავის დაუყენებია მოთხოვნა, რომ ეს პროცესი დაეწყო. ახლა მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ევროპარლამენტარები აუდიტის ჩატარებას ითხოვენ, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.
ანგარიშს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ მეორე მოსმენით ევროპარლამენტში საგარეო კომიტეტზე, ორ კვირაში დაამტკიცებენ. შემდეგ კი დოკუმენტი რეზოლუციის სახეს მიიღებს და პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება. დეპუტატები ვიზალიბერალიზაციის გადახედვას ითხოვენ, რადგან თვლიან, რომ ადამიანის უფლებებს რეჟიმი არ იცავს, ეს კი უვიზო მიმოსვლის შეჩერების ყველაზე მთავარი საფუძველია.
დოკუმენტში მოთხოვნები ბევრია, თუმცა მთავარი მაინც ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის სანქცირებაა. ბრიუსელში ფიქრობენ, რომ თუ ოლიგარქს ქონებას გაუყინავენ, ეს მას უკან დახევას აიძულებს. ევროდეპუტატები "ოცნების" გუნდის მმართველობას არ აღიარებენ და მოუწოდებენ ევროკომისიას, ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გაფორმდეს და დაასანქცირონ ყველა, ვინც საქართველოს დემოკრატიის ძირის გამომთხრელ საქმიანობას ეწევა.
ახალი რეზოლუცია ევროპარლამენტში - დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.