ტყუილი და იმედგაცრუება - “ოცნების“ მმართველობას ყოფილი მეოცნებეები აფასებენ
იმედგაცრუების და ტყუილის 13 წელი- ასე აფასებენ “ოცნების“ მმართველობას ის ადამიანები, რომლებიც პარტის დაფუძნების დროს, მათ გვერდში იყვნენ.
ეკა ბესელიას ამბობს, რომ “ოცნებაში“ მყოფი არცერთი ადამიანი არ გამოხატავს პარტიის პირვანდელ ღირებულებებს, რომლის გამოც, საქართველოს პროევროპულად და დასავლურად განწყობილმა ადამიანებმა ამ პარტიაზე გააკეთეს არჩევანი.
მთავარი არ იყო პარტია, როგორც ინსტრუემნტი, მთავარი იყო ის იდეა, რის გამოც პარტია შეიქმნა და რის გამოც, ივანიშვილი ამბობდა, რომ მოვედი იმისთვის, რათა შევქმნა უკეთესი გარემო, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული. ამ წლების გადასახედიდან, ყველაზე დიდი იმედგაცრუება მაქვს,რადგან ყველა პრინციპს უღალატა. იდეას გადააბიჯა და ყველა პირობა დაარღვია, რაც ხალხს მისცა. ზუსტად ისევე დაიწყო ძალაუფლების მიტაცება, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა და რის გამოც ქუჩაში ვიდექით ჩვენ“,- განაცხადა ბესელიამ.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ოცნებასა“ და წინ ორ ხელისუფლებას შორის პარალელს ავლებს და ამბობს, რომ ივანიშვილმა ერთგვარი ჰიბრიდული ხელისუფლება შექმნა, სადაც ყველაფერი ცუდი გადაიტანა.
შევარდნაძის დროსაც ჰქონდა, თქვენ წარმოიდგინეთ, პოზიტივი დიდ ნეგატივთან ერთად, სააკაშვილის ხელისუფლებასაც ჰქონდა გარკვეული პოზიტივი და ნეგატივი, ივანიშვილმა კი, სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით მოახერხა, რომ შექმნა ერთგვარი ჰიბრიდული ხელისუფლება და ამ ჰიბრიდში აიღო ყველაფერი ცუდი, რაც დამახასიათებელი იყო წინა ორი ხელისუფლების, დღეს ჩვენ ვართ ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე ოდესმე ყოფილა ეს ქვეყანა, 30 წელზე მეტის განმავლობაში, “- -ამბობს ხუხაშვილი.
“ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა. პარტიის დაფუძნებიდან 13 წლის თავზე, ივანიშვილის პარტია ისევ თავს იქებს და ყველა მიღწევას, რომელიც ბოლო 13 წლის განმავლობაში ქართველი ხალხის დამსახურებით ქვეყანამ მიიღო, საკუთარ მიღწევად აფასებს.