დემარში წულუკიანის კომისიას - ოპოზიცია "ოცნებასთან" თანამშრომლობას არ აპირებს
ოპოზიციის სრული ბოიკოტი წულუკიანის კომისიას. არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე პოლიტიკოსები არც კითხვებზე საპასუხოდ მივლენ და არც ათობით ათასი ლარის გირაოს გადაიხდიან. მოსალოდნელი საპატიმრო სასჯელის და კოლოსალური ფულადი ჯარიმის მიუხედავად, გადაწყვეტილება მიღებულია. ივანიშვილის დეპუტატებისთვის იგნორის გამოცხადებით ოპოზიცია კიდევ ერთხელ ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ოლიგარქმა ძალაუფლება მიიტაცა.
ხვალიდან პოლიტიკური რეპრესიები პროკურატურაში გამოკითხვებით და სასამართლო პროცესებით განახლდება. სასამართლოში მოუწევს უახლოეს საათებში მისვლა ნიკა მელიას, პროკურატურაში კი გიორგი ვაშაძეს, რომელმაც მაგისტრი მოსამართლის წინაშე ჩვენება უკვე მისცა და მალე ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ გირაოს გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, რეჟიმმა ისინი ციხეში გაუშვას.
ზურა ჯაფარიძეს სანქცირებულმა მოსამართლემ 20 ათას-ლარიანი გირაო გასულ კვირას შეუფარდა. ის თანხის გადახდას არ აპირებს. სამაგიეროდ, კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი გამოსაკითხად წულუკიანის კომისიას აქეთ იბარებს. ჯაფარიძის ადვოკატს აინტერესებს, რა კითხვები ჰქონდა არალეგიტიმურ პარლამენტს პოლიტიკოსთან, რომელიც 2003-დან 2012-წლამდე არანაირ პოლიტიკურ თანამდებობაზე არ ყოფილა.
დემარში წულუკიანის კომისიას - დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.