"ოცნების" უბადრუკი მცდელობა, ეუთოს გენმდივნის ვიზიტი მათ აღიარებად წარმოაჩინოს, კომიკურია - სამადაშვილი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ "ოცნების" მცდელობა, ეუთოს გენმდივნის ვიზიტი მათ აღიარებად წარმოაჩინოს, კომიკურია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განმარტავს, რომ ეუთოს მანდატი ყველა წევრ სახელმწიფოსთან მუშაობას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რა ტიპის რეჟიმი მართავს მას.
ამასთან, სამადაშვილი ამბობს, რომ ეუთოს რეკომენდაციების შესრულებაზე, რეალურად, დიალოგი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება.
კომიკურად გამოიყურება მაკა ბოჭორიშვილის და "ქართული ოცნების" უბადრუკი მცდელობა, რომ ეუთოს გენმდივნის ვიზიტი გამოაჩინონ როგორც რაღაც ტიპის აღიარება მათი ხელისუფლების, იმიტომ, რომ საზოგადოებას განვუმარტავ, ეუთოს მანდატი არის ყველა წევრ სახელმწიფოსთან იმუშაოს მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის რეჟიმი მართავს ამ ქვეყანას და იგივე ადამიანი, ეუთოს გენმდივანი მოსკოვშიც იყო ჩასული სულ რამდენიმე კვირის წინ.
როდესაც შეთანხმება მოხდება ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, მერე ყველაფერი შეიძლება, მათ შორის, დიალოგი ეუთოს რეკომენდაციები როგორ უნდა შესრულდეს და როგორ უნდა მოვემზადოთ ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. მანამდე ვერც ეუთოს გენმდივანი, ვერც ვერავინ სხვა ვერანაირ პროცესს საქართველოში ვერ დაძრავს, - ამბობს სამადაშვილი.
საქართველოში, დღეს, ოფიციალური ვიზიტით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ ჩამოვიდა.
ეუთოს გენერალური მდივანი "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ბრიფინგი გამართეს.