რეჟიმის საჯარო პირობა - მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენმდივანს რეკომენდაციების შესრულებას ჰპირდება

22.04.25 20:27
რეჟიმის საჯარო პირობა - მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენმდივანს რეკომენდაციების შესრულებას ჰპირდება

ეუთოს გენმდივნის თანდასწერებით მაკა ბოჭორიშვილმა დღეს საჯარო პირობა დადო, რომ ეუთო-ოდირის ყველა მოთხოვნა შესრულდება. ეს განცხადება კობახიძის წარმომადგენელმა ეუთოს გენმდივანთან ერთად ბრიფინგზე გააკეთა, რასაც წინ დახურულ კარს მიღმა ერთსაათიანი მოლაპარაკება უძღოდა.

ფერიდუნ სინირლიოღლუს საუბრის დეტალებზე არ უსაბრია. მაკა ბოჭორიშვილს კამერების წინ არ დაუკონკრეტებია, ეუთოს ოდირის რომელი მოთხოვნების შესრულებას დათანხმდა "ქართული ოცნება".

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, მწვავე დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ეუთო/ ოდირმა  რეკომენდაციების მთელი პაკეტი გამოაქვეყნა. რას მოითხოვს? ხელისუფლებამ ამომრჩეველთა დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, ხმების მოსყიდვა და საარჩევნო ძალადობა, პრაქტიკულად, აღკვეთოს. ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის გასაძლიერებლად, კომისიის წევრების დანიშვნის პროცესი უნდა შეიცვალოს, რომ მხოლოდ ერთ პარტია არ იყოს დომინტანტი. ეს ვრცელი ჩამონათვალის მოკლე ანოტაციაა. "ქართული ოცნება" თუ თანხმდება ამ რეკომენდაციების შესრულებას, ახლა უნდა თქვას, როდის და რას ცვლის. 

ეუთო ოდირის რეკომენდაციები, რომლის შესრულების პირობაც დღეს მაკა ბაოჭორიშვილმა დადო, არ ეხება მხოლოდ არჩევნებს. 6 მარტს გამოქვეყნდა ეუთოს მოსაზრება "ქართულ ოცნების" იმ დრაკონულ კანონებზე, რომელიც ადმინისტრაციული პატიმრობის ვადას 60-მდე ზრდის და აწესებს კოლოსალურ ჯარიმებს. ეუთო ოდირი ფიქრობს, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით აღებულ ვალდებულებებს.

მაკა ბოჭორიშვილის დღევანდელი განცხადების შემდეგ ჩნდება კითხვა, აპირებს თუ არა "ოცნება" გააუქმოს რეპრესიული კანონები, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღო. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები