პრეზიდენტი ზურაბიშვილი: რეჟიმის მიზანია, შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია, პასუხისმგებლობა ივანიშვილზეა!

23.04.25 14:38
პრეზიდენტი ზურაბიშვილი: რეჟიმის მიზანია, შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია, პასუხისმგებლობა ივანიშვილზეა!

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეწყვეტის მცდელობაში ადანაშაულებს. 

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა სურს: 

ვიზალიბერალიზაციის თემა ორი მხრივ არის გამოყენებული რეჟიმის მიერ. ერთი ეს არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, აღარაფერი დაგრჩებათ და გამოყენებულია საზოგადოებაზე მორალური წნეხი. მაგრამ, მთავარი რაც არის, ეს კამპანია არ მოდის არც ბრიუსელიდან, არც რომელიმე ევროპული დედაქალაქიდან, ეს მოდის თბილისიდან, ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანია შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია.

ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელზეც წუხან და შეჩერება სურთ, არა, ეს მოყვება მათ მოქმედებებს. ხან ყოველდღიურად ლანძღავენ ევროპის დედაქალაქებს, აქაურ ელჩებს, მუქარის ტონით ესაუბრებიან. ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმ გადაწყვეტილების, რომელიც მიღებულ იქნა გასული წლის 28 ნოემბერს და მივდივართ იქითკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, თუ ვიზალიბერალიზაცია გადაიხედება, ამაზე პასუხისმგებელი "ივანიშვილი და მისი კლანი იქნება, რომელიც ქვეყანას რუსული მეთოდით მართავს. 

მისი განმარტებით, "ქართული ოცნება" ცდილობს ხალხი მიაჩვიოს იმ მომავალს, რომელიც იზოლაციაში, ვიზალიბერალიზაციის გარეშე იქნება.

ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ევროპა ქართულ საზოგადოებას არ სჯის, რაც ნათლად გამოიხატა მაშინ, როდესაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

არანაირად ევროპა არ სჯის საზოგადოებას. გავიხსენოთ ის, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭა საქართველოს, რადგან ევროპამ დაინახა, რამდენად იყო ქართული საზოგადოება მონდომებული და იცაცვდა კბილებით ევროპული ინტეგრაციის გზას. საზოგადოების მიმართ არანაირად არ არის სურვილი შეწყდეს ის შეღავათები, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ თუ რეჟიმი ასე გააგრძელებს ყველა მხრივ, ყველა გზით საქართველოს პარტნიორებისგან ჩამოშორებას, ქვეყნის იზოლაციას, ამაზე არის პასუხისმგებლობა ივანიშვილის და იმ კლანის, რომელიც მართავს ამ ქვეყანას რუსული წესებით. ამიტომ, ამ საკითხზე პროპაგანდას არ უნდა მოუსმინოთ"- დასზინა სალომე ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები