ცნობილია, რამდენ ლარიან გირაოს ითხოვს პროკურატურა გიორგი ვაშაძის მიმართ
პროკურატურა გიორგი ვაშაძის მიმართ 50 000 ლარიან გირაოს ითხოვს - აღნიშნულ შუამდგომლობას პროკურორი სასამართლო პროცესზე დააყენებს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.
ოპოზიციონერ ლიდერს წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლას ედავებიან, მას ბრალი გუშინ წაუყენეს.
ახლა საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე მზია გარშაულიშვილი.
„მე და ჩვენ ყველამ, ზუსტად ვიცით რისთვის ვიბრძვით. ვიბრძვი, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ერთიანი, თავისუფალი ადამიანების ქვეყანა, ჰქონდეს დემოკრატიული სისტემა, სადაც არ არიან პოლიტპატიმრები, რომელიც მიდის სწრაფად ევროკავშირისკენ და არის ძლიერი ძლიერ სახელმწიფოთა შორის. ვებრძვით რეჟიმს, რომელსაც უნდა დაგვტოვოს მარტო ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ამ ბრძოლის მორიგი ხაზი. ყველა ასეთი ნაბიჯი რეჟიმის მხრიდან ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს, გვაერთიანებს და უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. მერწმუნეთ, ძალიან მალე ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და თქვენ, ყველანი იგრძნობთ დიდ თავისუფლებას, რომელიც საქართველოს სჭირდება.
ბიძინა ივანიშვილს ამ სასამართლოდან ვეტყვი: წადი, დაანებე ამ ქვეყანას თავი. ჩვენ გვინდა ვიყოთ დაცული ძლიერ ევროპასთან, ძლიერ ამერიკასთან და რაც მთავარია, ერთიანები. არ გვჭირდება გახლეჩა ამ ქვეყანაში, გვჭირდება გაერთიანება. რაც მთავარია, მალე გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი და საქართველო დიდ გამარჯვებას იზეიმებს“,-განაცხადა ვაშაძემ პროცესის დაწყებამდე.
შეგახსნებეთ, რომ წულუკიანის ე.წ. კომისიაზე არ მისვლის გამო რამდენიმე ათასლაირიანი ჯარიმები გამოუწერეს მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ირაკლი ოქრუშვილს და გივი თარგამაძეს.