„ალტ-ინფოს“ ახალი პარტია დაურეგისტრირეს
პროპუტინისტურ ძალას, „ალტ-ინფოს“ ახალი პარტია დაურეგისტრირეს - გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 22 აპრილს მიიღო.
„კონსერვატორები საქართველოსთვის“ - ასე ქვია მოძალადეების მხარდამჭერების ახალ პარტიას.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობის თანახმად, პარტიის თავმჯდომარე გიორგი ქარდავა იქნება.
ბევრს აღარ სჯეროდა, რომ კონსერვატორები პარტიის რეგისტრაციას მივაღწევდით. მაგრამ პოლიტიკურ ბრძოლაში თუ არ ჩერდები, ადრე თუ გვიან მოწინააღმდეგეს აიძულებ, უკან დაიხიოს. ამ ბრძოლაში არაფერი მარტივი არ იქნება, მოწინააღმდეგე არაფერს იოლად არ დაგვითმობს. ცხადია, კიდევ გველის წინ იმაზე არანაკლები წინაღობები, ვიდრე აქამდე გვქონია და უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ თუ ამ ბრძოლაში ჩავებით, ასე მოგვიწევს ცხოვრება კიდევ დიდხანს… შემდეგი ბრძოლა უკვე არჩევნებზე გვექნება“, - დაწერა შოთა მარტინენკომ სოციალურ ქსელში.
განაცხადი პარტიის რეგისტრაციაზე რეესტრში 27 თებერვალს გამოჩნდა, თუმცა ის ამ დრომდე თაროზე იყო შემოდებული.
- ალტ-ინფოს პარტია, “კონსერვატიული მოძრაობა” 2024 წლის 8 აპრილს გაუუქმეს. მაშინ ოფიციალურ მიზეზად სარეგისტრაციო მონაცემების ხარვეზიანობა იყო.
- ამის შემდეგ, ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ პარტია აჩუქეს და ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას “ქართული იდეის” სახელით მიიღებდნენ. თუმცა, მალევე, საჯარო რეესტრმა “ქართული იდეის” გაუქმების პროცესიც დაიწყო.
22 აპრილით დათარიღებულ პარტიის რეგისტრაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, რომ გადაწყვეტილება იმავე დღესვე უნდა ამოქმედდეს.
უცნობია, მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას პრორუსული განწყობის მქონე პარტია.