მიხეილ ყაველაშვილი პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
მიხეილ ყაველაშვილი პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება - ინფორმაციას ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილი 26 აპრილს ვატიკანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება, რომლის შემადგენლობაში იქნებიან „ოცნების" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, „ოცნების" პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
დღეს, 23 აპრილს პაპის ცხედარს წმინდა პეტრეს ტაძარში გადაასვენებენ.
დაკრძალვის ცერემონია 26 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის ათ საათზე დაიწყება. პაპ ფრანცისკეს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.
პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 2025 წლის 21 აპრილს, ვატიკანში გარდაიცვალა.