სასამართლომ გიორგი ვაშაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
სასამართლომ გიორგი ვაშაძეს, თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
გადაიხდის თუ არა გირაოს ვაშაძე ჯერ უცნობია. მისი თქმით, გადაწყვეტილებას თანაგუნდელებთან მსჯელობის შემდეგ მიიღებს.
მანამდე კი ოპოზიციონერი ლიდერი სიტყვით გამოვიდა სხდომაზე და სასამართლოს მიმართა.
„მთავარი კითხვაა, რატომ ვართ აქ, რა ხდება ამ ქვეყანაში. ჩვენ ვიბრძვით, მე ვიბრძვი, ჩემი თანაგუნდელები იბრძვიან, რისთვის ვიბრძვით? ნორმალურ ქვეყანაში რომ ვიცხოვროთ, ვიბრძვით იმისთვის, რომ პოლიტიკური პატიმრები არ იყვნენ, რომ თქვენი კოლეგა მოსამართლეები სტუდენტებს ციხეში არ უშვებდნენ იმისთვის, რომ პროტესტს გამოხატავენ.
ის, თუ რატომ ვარ აქ, ზუსტად იმის ნაწილია, იმ ბრალდების ნაწილი. ბრალს იცით რაში მდებთ? სამშობლო რომ მიყვარს, იმ სტუდენტებს, მსახიობებს, სამშობლო უყვართ, რომლებიც ციხეში ჩასვეს.
მარტივი ტესტი ავიღოთ, ასივე პროცენტით დააკმაყოფილებთ თუ არა პროკურატურის მოთხოვნას. როგორ შეიძლება სასამართლო ასი პროცენტით აკმაყოფილებდეს ყველა მოთხოვნას, რომელიც სასამართლოს აქვს? შეძლებთ თუ არა იმას, რომ ასივე პროცენტით არ დააკმაყოფილოთ პროკურატურის მოთხოვნა? ქალბატონო მზია [მოსამართლე] ვერ შეძლებთ, რადგან სამწუხაროდ თქვენც, ამ მთელ პოლიტიკურ პროცესში გამოყენებული ხართ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ. მოსამართლეები ისეთ დღეში ჩაგაგდეს, რესტორანში ბანერის ქვეშ, ხოხვით შედიხართ, ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს? მე შემრცხვა",- განაცხადა ვაშაძემ.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს ბრალდება გუშინ, პროკურატურაში გააცნეს.
შეგახსნებეთ, რომ წულუკიანის ე.წ. კომისიაზე არ მისვლის გამო რამდენიმე ათასლაირიანი ჯარიმები გამოუწერეს მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ირაკლი ოქრუშვილს და გივი თარგამაძეს.