გიორგი ვაშაძის პირველი კომენტარი 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შემდეგ
50 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შემდეგ, გიორგი ვაშაძე პირველ კომენტარს აკეთებს - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი მედიასთან ამბობს, რომ "ე.წ. სასამართლომ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა, რადგან მოსამართლე უუფლებოა".
"კლანის ზედა ეშელონი რასაც დაავალებს, იმას გააკეთებს. შემეცოდა" - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელსაც მოსამართლე მზია გარშაულაშვილმა ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
ზუსტად ვიცი, რისთვის ვიბრძვი და ჩვენ ყველამ ზუსტად ვიცით, რისთვის ვიბრძვით. მე ვიბრძვი, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ერთიანი ქვეყანა, თავისუფალი ადამიანების ქვეყანა, გვქონდეს დემოკრატიული სისტემა, სადაც არ არიან პოლიტპატიმრები და რომელიც მიდის სწრაფად ევროკავშირისკენ. ვებრძვით რეჟიმს, რომელსაც უნდა დაგვტოვოს მარტო მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ამ ბრძოლის მორიგი, კიდევ ერთი ხაზი და ყველა ასეთი ნაბიჯი რეჟიმის მხრიდან ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს, გვაერთიანებს და უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. მერწმუნეთ, ძალიან მალე ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
- ფოტო - IPN
ცნობისთვის, სასამართლომ გიორგი ვაშაძეს თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულაშვილმა გამოაცხადა.