ოპოზიციის ნაწილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს პოლიტიკოსებმა
ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდნენ - რონდელის ფონდის ოფისში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა" და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, დახურულ კარს მიღმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ეუთოს გენერალურ მდივანს დაუფიქსირეს პოზიცია, რომ საერთაშორისო ვიზიტებს სამთავრობო პროპაგანდა რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებისთვის იყენებს.
ჩვენ კვლავ ვრჩებით იმ აზრზე, რაც გავუზიარეთ ეუთოს გენერალურ მდივანს, რომ ამგვარი საერთაშორისო ვიზიტი სამთავრობო პროპაგანდას აძლევს საშუალებას, რომ ვიზიტი გამოყენებული იქნას სამთავრობო პროპაგანდის მხრიდან მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით. ეს წუხილი ღიად გავუზიარეთ მას. ამაში დასამალი არ არის. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელიც განვიხილეთ, კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ საერთო დემოკრატიული ძალების მოთხოვნა და ქართველი ხალხის, რომლის ირგვლივაც კონსოლიდირებულია საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა." - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ირკვევა, რომ მანამდე, ფერიდუნ სინირლიოღლუმ ცალკე შეხვედრა "გახარია საქართველოსთვის" წევრებთან გამართა. ანა ბუჩუკურმა მედიასთან განაცხადა, რომ მათი მხრიდან ყურადღება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე გამახვილდა.
ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი არის რეგიონული ვიზიტი, მან ეს დაგვიდასტურა. მხოლოდ საქართველოს არ სტუმრობს. ვიზიტი მათ შორის შეეხება უსაფრთხოების კონტექსტს. ჩვენი მხრიდან ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე, მათ შორის, ქალბატონი მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო არჩევნების საკითხსაც". - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
აუდიენცია იყო ჩანიშნული კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერებთან, თუმცა პოლიტიკოსების უარის გამო, ეს უკანასკნელი გაუქმდა. კოალიცია "ცვლილებისთვის" წარმომადგენელი, ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეუთოს გენერალურ მდივანს არ ხვდებიან არის ის, რომ ფერიდუნ სინირლიოღლუს ვიზიტის რეალური მიზანი მათთვის გაუგებარია.
ეს ვიზიტი არაფრით არ განსხვავდება იმ ვიზიტისგან, რომელიც ჰქონდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, როდესაც ჩვენ, ყველა ერთობლივად არ შევხვდით მათ. მიზეზი იყო ის, რომ არავინ არ იცოდა, ეს ვიზიტი როგორ დაიგეგმა. არავის ჩვენთან კომუნიკაცია არ ჰქონია. რა არის ვიზიტის მიზანი, ესეც გაუგებარია. სამწუხაროდ, ეუთო არის ორგანიზაცია, სადაც ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით მიიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა უნდა დათანხმდეს. ამ ორგანიზაციის წევრი რუსეთიც არის. ამიტომ ეუთოდან ასეთი ტიპის გაუგებარი ნაბიჯები მოსალოდნელი იქნება მომავალშიც". - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ, 23 აპრილს ჩამოვიდა. ფერიდუნ სინირლიოღლუმ შეხვედრა "ქართული ოცნების" წევრებთანაც გამართა. ამ დროისთვის უცნობია, შეხვდება თუ არა ის მესამე სექტორის წარმომადგენლებს.