"პირველებმა" აღდგომის ღამეს მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია - რა მოხდა გველეთში?

ყაზბეგში, აღდგომის ღამეს მომხდარი სასტიკი ანგარიშსწორების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ 47 წლის გია ხაიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები, ნიკა და პაატა ქუშაშვილები პოლიციამ 2 დღიანი ძებნის შემდეგ, ნაქირავებ ბინაში დააკავა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიყვანილ ბრალდებულებს დღეს მკვლელობის მოტივზე არ უსაუბრიათ, თუმცა დანაშაულის სიმძიმეზე გაამახვილა ყურადღება ბრალდების მხარემ. პროკურორის თქმით, 47 წლის კაცს სხეულის სხვადასხვა არეში 10-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
- ირკვევა ისიც, რომ გია ხაიკაშვილს სასიკვდილო ჭრილობები გველეთის ჩანჩქერთან მიაყენეს. საქმის მასალების თანახმად კი, დაპირისპირება მეზობლებს შორის სააღდგომო სუფრასთან დაიწყო.
საქმის პროკურორის თქმით, მკვლელობის შემდეგ ბრალდებულებმა დანაშაულის იარაღი გადამალეს, რომელსაც გამოძიება ამ დრომდე ვერ პოულობს.
მოკლულს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული მუცლის, გულ-მკერდის, თავის, თხემ-კეფისა და კისრის არეში.
ისინი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან და საგამოძიებო ორგანოს გარკვეული ძალისხმევა დასჭირდა მათი ადგილსამყოფლის მისაკვლევად. ამავდროულად, მათი მხრიდან სახეზეა მტკიცებულებების განადგურების აშკარა შემთხვევები, მათ შორის დანაშაულის იარაღთან დაკავშირებით. კონსპირაციულ ბინაში იმალებოდნენ ორივე ერთად. ისინი აღიარებენ ფაქტს, თუმცა გამოძიებას სთავაზობენ მათ მიერ შემოთავაზებულ ინტერპრეტაციას.
პაატა ქუშაშვილი აწვდის გამოძიებას ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მან დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა მსხვერპლს. დანაშაულის იარაღი ნაპოვნი ვერ არის, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ბრალდებულმა გადამალეს დანაშაულის იარაღი და უფრო მეტიც, ისინი დანაშაულის იარაღის გადამალვასთან დაკავშირებით გამოძიებას აძლევენ სულ სხვადასხვა ვერსიას და სთავაზობენ სულ სხვადასხვა გარემოებებს.
რაც შეეხება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფ სხვა პირებს და ამ ვარაუდის, ამ ვერსიის დაშვებას, ყველა პირი, რომელსაც შესაძლოა რაიმე ფორმით შემხებლობა ჰქონდეს აღნიშნულ დანაშაულთან, ყველა ვერსია იქნება გადამოწმებული საგამოძიებო მოქმედებების გზით და ყველა გარემოებას მიეცემა სამართლებრივი შეფასება"- განაცხადა "პირველებთან" პროკურორმა გიორგი კრავეიშვილმა.
განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული ბიძაშვილების ადვოკატი ანი გულიაშვილი "პირველებს ეუბნება", რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები საქმის შესახებ დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ:
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა როგროც მე მქონდა მათთან საუბარი, მოგვიანებით აუცილებლად ისაუბრებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა აღნიშნულ საქმეზე რეალურდ და აუცილებლად გააკეთებენ კომენტარს.
(გამოძიებასთან ითანამშრომლებენ თუ არა) ამას აუცილებლად მოგვიანებით მოგახსენებთ, იმიტომ, რომ ჩამოვყალიბდებით კონკრეტულ დეტალებთან მიმართებით, ეს იქნება არსებითი პროცესების მიმდინარეობისას თუ საგამოძიებო ეტაპზე"- აღნიშნა ადვოკატმა.
საქმის მასალების თანახმად, დაჭრის შემდეგ, გია ხაიკაშვილი ადგილზე დატოვეს, მის კუთვნილ ავტომობილს კი საბურავები დაუსერეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილმა ნათესავთან დარეკვა მოახერხა და მკვლელობაში ეჭვმიტანილისა და მასთან ერთად მყოფი პირების დასახელება შეძლო. კაცი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ამასთან, დღეს, საქმის შესახებ კიდევ ერთი დეტალი გახდა ცნობილი - ნიკო და პაატა ქუშაშვილები წარსულში მრავალჯერ ნასამართლევები არიან. ერთ-ერთი მათგანი სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის და ახაგაზრდა ქალისთვის თავისუფლების აღკვეთის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. პაატა ქუჩაშვილი კი ოჯახში ძალაობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის ნასამართლევი.
47 ხაიკაშვილი დღეს დაკრძალეს, ოჯახი მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მათივე თქმით, 3-მმა პირმა, ვინც მათი ინფორმაციით, კონფლიქტს შეესწრო, ქვეყანა დატოვა.