პირველი შეხვედრა ვაშინგტონში 6 თვიანი მცდელობის შემდეგ - რა უთხრეს ლევან დავითაშვილს დახურულ კარს მიღმა?

24.04.25 20:03
პირველი შეხვედრა ვაშინგტონში 6 თვიანი მცდელობის შემდეგ - რა უთხრეს ლევან დავითაშვილს დახურულ კარს მიღმა?

პირი, რომელთან შეხვედრაც ქართულმა ოცნებამ 6 თვიანი მცდელობის შემდეგ ძლივს მოახერხა, სწორედ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა. წლების წინ კახა კალაძე ამ თანამდებობას აუგად მოიხსენიებდა და მის სიტყვებსაც არაფრად თვლიდა. დღეს კი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრას ამერიკასთან ურთიერთობის დალაგების დასტურად იყენებენ. შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა. ამერიკელ მაღალჩინოსანს ლევან დავითაშვილი შეხვდა და ინფორმაციაც მისმა სამინისტრომ გაავრცელა. რაზე მოუწია მას საუბარი დახურულ კარს მიღმა, არავინ იცის. კახა კალაძე დღეს ვერაფერს ამბობს, სავარაუდოდ ძველი უხერხულობის გამო. 

ამ შეხვედრის შესახებ არაფერი უთქვამს სახელმწიფო დეპარტამენტს. არც ამერიკის საელჩოს გაუვრცელებია საინფორმაციო განცხადება. თუმცა შეხვედრის შინაარსზე შთაბეჭდილებისთვის იმ განწყობების გახსენებაც საკმარისია, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს არასდროს დაუმალავს. ჯოშუა ჰაკი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ტრამპის ადმინისტრაციას არ შეუცვლია. ის ბაიდენის პრეზიდენტობის დროსაც ამ თანამდებობას იკავებდა, იყო თბილისშიც და იცის საქართველოს მოვლენები. გასულ წელს ჯოშუა ჰაკი ოცნებას რუსული კანონის გამო აკრიტიკებდა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო საყვედურობდა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა. ამიტომ სავარაუდოა, რომ საუბარიც შესაბამისის იქნებოდა. 

თინა ხიდაშელს ეჭვი არ ეპარება, რომ ამ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ანაკლიის პორტი იყო. რადგან ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა მეტწილად ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ ურთიერთობასაც განსაზღვრავს. მით უფრო იმ ფონზე, როცა შტატებს ამ დრომდე ბევრჯერ გაუკრიტიკებია ქართული ოცნება პორტის ჩინური კომპანიისთვის მინდობის გამო. ოცნებამ ყველა გაფრთხილების წერილი უგულებელყო. 

შეხვედრა თანაშემწის მოადგილესთან - რუსუდან დუმბაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები