პოლიტპატიმრებით ვაჭრობას ვინც დააპირებს, მოღალატე და ქოცზე უარესი იქნება - ხოშტარია
ვინც დააპირებს, რომ პოლიტპატიმრებით ივაჭროს, ის მოღალატე იქნება, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, რომელიმე პოლიტიკური პარტია, ან კონკრეტული ადამიანი თუ გადაწყვეტს, რომ "ერთი პოლიტპატიმარი მეორე პოლიტპატიმრით ჩაანაცვლოს", "ქოცზე უარესი იქნება".
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დააპირებს, რომ ივაჭროს პოლიტპატიმრებით და ერთი პოლიტპატიმარი ჩაანაცვლოს მეორე პოლიტპატიმრით საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის, ის არის მოღალატე და ამორალური. ახლა მე ვერ ვხედავ ამის ნიშნებს. რომ დავინახო, ღიად ვიტყვი...
ამ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, ვინც დააპირებს, რომ პარტიის გადარჩენის, თუ პლატფორმის გადარჩენის მიზნით ივაჭროს პოლიტპატიმრებით და ეს გაივლოს თავში, იქ იქნება არა მებრძოლი, არამედ "ქოცზე" უარესი იმიტომ, რომ "ქოცები" აღარც მალავენ, რომ არიან ჩვეულებრივი რუსული გეგმის შემსრულებლები - ამბობს ელენე ხოშტარია.