"სანამ პოლიტპატიმრებიდან რომელიმე მაინც არის ციხეში და სანამ საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნება, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს" - ელისაშვილი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" ორი სცენარისთვის ემზადება - მისი განმარტებით, პირველი ვერსიის თანახმად, ივანიშვილის გუნდი გეგმავს, თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნები ამ წლის ოქტომბერში დანიშნოს.
რაც შეეხება მეორე სცენარს, ალეკო ელისაშვილი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ გეგმის ეს ნაწილი, თავდაპირველად, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას, ხოლო შემდგომ, მომავალი წლის გაზაფხულზე, მოულოდნელად, საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოიცავს.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, აპირებს თუ არა "ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ალეკო ელისაშვილი პასუხობს - "სანამ პოლიტპატიმრებიდან რომელიმე მაინც არის ციხეში და სანამ საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნება, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს".
ჩემი ინფორმაციით, "ქართული ოცნება" ემზადება ორი სცენარისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნები და თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში ჩატარდეს. მეორე ვერსია, რასაც განიხილავენ, არის, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩაატარონ, მიიღონ მაღალი შედეგი და მერე, გაზაფხულზე მოულოდნელად დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები და დასუსტებული ოპოზიცია შეგვიყვანონ ამ სცენარში. სანამ პოლიტპატიმრებიდან რომელიმე მაინც არის ციხეში და სანამ საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნება, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს". - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.