რუსულ რეჟიმს საზოგადოების გატეხვა და მათთვის ევროპული მომავლის წართმევა უნდა - სამადაშვილი ჩხრეკებზე
"ქართული ოცნება" რუსეთის დავალებებს ასრულებს, რომელსაც ორი ამოცანა აქვს: საზოგადოებს პროტესტის ჩახშობა და ევროინტეგრაციის პროცესის საბოლოოდ შეჩერება, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველო" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკების სერიას გამოეხმაურა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოსავალს გაზრდილ წინააღმდეგობაში ხედავს. მისი თქმით, ამ ტერორის ფონზე ქუჩაში კიდევ უფრო მეტი მოქალაქე უნდა გავიდეს.
სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხი არ შეშინდება.
"ძლიერი საქართველოს" სახელით მსურს გამოვეხმაუროთ იმ მცდელობას, აწარმოონ ტერორის კამპანიები ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა დღეს დილას, როდესაც 5 სხვადასხვა ლოკაციაზე რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით და რუსეთის სპეცსამსახურების მეთოდოლოგიით რეჟიმი შეიჭრას სოლიდარობის ფონდების, დამფუძნებლების სახლებში.
პირველ რიგში გვსურს, რომ ყველას გამოვუცხადოთ სოლიდარობა, ვუთხრათ მათ, რომ მათ გვერდით იდგება, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, ისევე, როგორც თითოეული მოქალაქე ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს გადარჩენა - იმ მომავლისგან, რომელსაც ჩვენ, დღეს გვიმზადებს რუსეთი, რომლის ამოცანაც დღეს არის - ორი ეს პირველ რიგში, არის საზოგადოების გატეხა და განადგურება, იმიტომ, რომ როდესაც ქვეყანას მართავს პირდაპირ რუსეთიდან ადმინისტრირებული პოლიტიკური ძალა, წინააღმდეგობის ხაზი გადის სწორედ საქართველოს მოქალაქეებზე და საზოგადოებრივ პროტესტზე, რომელსაც უკვე წარმატებით ახორციელებს ჩვენი საზოგადოება.
ამ ტერორის მიზანი, მინდა ყველამ იცოდეთ არის პროტესტის ჩახშობა, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ჩახშობა და ამას უნდა ვუპასუხოთ ჩვენ მხოლოდ გაზრდილი წინააღმდეგობით. კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა განაცხადოს, რომ არ მოხდება საქართველოში დემოკრატიის გაუქმება, არ მოხდება ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წართმევა, იმიტომ, რომ სწორედ ეს არის მეორე ამოცანა, რომელსაც დღეს რუსეთი ცდილობს, რომ განახორციელოს ჩვენს ქვეყანაში.
მაშინ, როდესაც ჩვენ გვესმის განცხადებები დასავლეთიდან, რომ მათ არა აქვთ სურვილი, რომ ქართველ ხალხს წაართვან მაგალითად - უვიზო მიმოსვლის შანსი, წაართვან თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა შეუძლებელს ხდის გაგრძელდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება რუსეთის დავალებით ყოველდღე ახალ ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ შეუქცევადი აქციოს ეს პროცესი, რასაც ჰქვია საქართველოს საბოლოოდ ჩახსნა ევროპული სივრციდან, იმიტომ რომ ცხადია, აქტივისტების დატერორება, ფონდების დატერორება, რეპრესიები, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო აქტუალური გახდება ისეთი საკითხები როგორიცაა, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა ფორმატის გაუქმება.
ამიტომ, ყველას მინდა ესმოდეს, როდესაც ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ადამიანებს, ვინც არიან რეპრესიების მსხვერპლნი და სამიზნე, ჩვენ პირველ რიგში, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ქვეყანას, საკუთარ ხალხს და მომავალ თაობებს, რომლებმაც უნდა იცხოვრონ თავისუფალ, ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში და სწორედ ამიტომ, ჩვენი ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ცხადია, ვერავის დააშინებენ, ვერავის აიძულებენ, ხელი აიღოს წინააღმდეგობის მოძრაობაზე რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, - განაცხადა სამადაშვილმა.