რეჟიმს თავისუფალი მოქალაქეების ეშინია - გიორგი ვაშაძე ჩხრეკებზე

29.04.25 14:43
რეჟიმს თავისუფალი მოქალაქეების ეშინია - გიორგი ვაშაძე ჩხრეკებზე

რეჟიმს თავისუფალი მოქალაქეების ეშინია, - ასე აფასებს  "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე დღევანდელ ჩხრეკებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ივანიშვილი ახლა პანიკაშია და საჭიროა, მეტი ერთიანობა და მეტი გაბედული მოქმედება. 

ჯერ ფონდები დახურეს, რომლებიც რეჟიმის მიერ ნაცემ და ცრუ ბრალდებებით დაკავებულ ადამიანებს ეხმარებოდა, ახლა სახლებში შეუვარდნენ, იმიტომ კი არა, რომ რამე დააშავეს, არამედ იმიტომ, რომ რეჟიმს თავისუფალი მოქალაქეების ეშინია.

ეს არის შიშის რეჟიმი, რომელიც ცრუ ბრალდებებით, სასამართლო ფარსებით, ღამით სახლში შევარდნებით და ჩხრეკებით ინიღბება.

ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა, იმიტომ, რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას.

ეს არის ივანიშვილის პანიკა და ამ პანიკაში მხოლოდ ერთ რამეს უნდა შევხედოთ სერიოზულად: ახლა საქართველოში გარდამტეხი მომენტი დგას და საჭიროა მეტი ერთიანობა, მეტი ორგანიზება და მეტი გაბედული მოქმედებ,- წერს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ რეჟიმმა დღეს დილიდან ჩხრეკების სერია დაიწყო. პოლიცია ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, "სირცხვილიას" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მარიამ ბაჯელიძის, ასევე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინებში შევიდა. 

მოგვიანებით პროკურატურამ ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. დაწერეს, რომ უწყების წარმომადგენლები 5 საქველმოქმედო ფონდში შევიდნენ. 

პროკურატურის მიხედვით, ჩხრეკა „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ ჩატარდა.

 

მსგავსი სიახლეები