NGO-ების განცხადება: ვერ დაგვაშინებენ, კვლავაც გავაგრძელებთ მათ დახმარებას, ვისაც ეს სჭირდება

29.04.25 17:09
NGO-ების განცხადება: ვერ დაგვაშინებენ, კვლავაც გავაგრძელებთ მათ დახმარებას, ვისაც ეს სჭირდება

ერთ დღეში ჩატარებული ათამდე ჩხრეკა სოლიდარობის ფონდების დამფუძნებლების სახლებში - მესამე სექტორი მომხდარს შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართლი კიდევ ერთ მცდელობად აფასებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენება ამგვარი ფონდების საქმიანობის ხელშესაშლელად არა მხოლოდ მორალურად გაუმართლებელია, არამედ მიმართულია თანაგრძნობის გამოხატვის კრიმინალიზაციისა და იმ ადამიანების გაჩუმებისკენ, ვინც ღირსებისა და სამართლიანობისთვის იბრძვის. 

განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია აღნიშნულ ქმედებებზე და ამ კრიტიკულ მომენტში ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების გვერდით დადგნენ: 

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქვემორე ხელმომწერი წარმომადგენლები,  ვგმობთ 2025 წლის 29 აპრილს საზოგადოებრივი ფონდების   ხელმძღვანელი პირების სახლში ჩატარებულ კოორდინირებულ ჩხრეკებს. ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართლი კიდევ ერთი მცდელობაა.

აღნიშნული ქმედებების სამიზნეს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ჰუმანიტარული საქმიანობის წინა ხაზზე დგანან და ეხმარებიან ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, დაბალშემოსავლიან ოჯახებსა და ძალადობის მსხვერპლებს. ეს ორგანიზაციები არსებით როლს ასრულებენ იმ სფეროებში, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერა არასაკმარისია და უზრუნველყოფენ  საკვებს, თავშესაფარს, სამედიცინო დახმარებას, განათლებასა და ფსიქოსოციალურ სერვისებს მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.

სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენება ამგვარი ფონდების საქმიანობის ხელშესაშლელად  არა მხოლოდ მორალურად გაუმართლებელია, არამედ  მიმართულია თანაგრძნობის გამოხატვის კრიმინალიზაციისა და იმ ადამიანების გაჩუმებისკენ, ვინც ღირსებისა და სამართლიანობისთვის იბრძვის. ჩხრეკები, რომლებიც არასათანადო სამართლებრივი საფუძვლისა და გამჭვირვალობის გარეშე ჩატარდა, პოლიტიკურად მოტივირებულია და წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ფართო კამპანიის ნაწილს.

ეს თავდასხმა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ზოგადი ტენდენციის ნაწილია, რომელიც მოიცავს ე.წ. რუსული კანონისა და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის მიღებას, მედიის შევიწროებას და დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოებზე მუდმივ ზეწოლას და საფრთხეს უქმნის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და მის საერთაშორისო რეპუტაციას.

მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია აღნიშნულ ქმედებებზე და ამ კრიტიკულ მომენტში ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების გვერდით დადგნენ.

ჩვენ ვერ დაგვაშინებენ. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მათ დახმარებას, ვისაც ეს სჭირდება. ჩვენ დავიცავთ საქართველოს დემოკრატიულ მომავალს"- აცხადებენ მესამე სექტორში. 

დღეს, 29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა  „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. 

  • ჩხრეკის დაწყების დროს ბინებში ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის არასრულწლოვანი შვილები იყვნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჩხრეკა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

საქმე მოძრაობა ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.

მიმდინარე წლის 17 მარტიდან დღემდე დაყადაღებულია იმ ორგანიზაციის ანგარიშები, რომლებიც აქციებზე დაპატიმრებულ მონაწილეებს, მათ ოჯახებსა და დაზარალებულებს ფინანსურად ეხმარებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები