დაკავებულმა მაღაროელებმა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაიწყეს
დაკავებულმა მაღაროელებმა გიორგი ნეფარიძემ და მერაბ სარალიძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს - ინფორმაციას “მთის ამბების” დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ჟურნალისტის თქმით, დაკავებულები ადვოკატმა მოინახულა და ისინი ამტკიცებენ, რომ “შუქრუთის მაღაროს დირექტორი მათ არ უცემიათ და იმიტომ დააკავეს, რომ პროტესტს ჩამოაცილონ.“
ჩვენმა ადვოკატმა (სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრიდან) ვლადიმერ ქუთათელაძემ მოინახულა ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში. გიორგი ნეფარიძემ და მერაბ სარალიძემ, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაიწყეს. ისინი აცხადებენ, რომ შუქრუთის მაღაროს დირექტორი მათ არ უცემიათ და იმიტომ დააკავეს, რომ პროტესტს ჩამოაცილონ. მაღაროელებისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ”, – წერს გელა მთივლიშვილი.
ინფორმაცია ჭიათურაში 4 პირის დაკავების შესახებ გომელაურის უწყებამ დღეს გაავრცელა. შსს-ს მტკიცებით, ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.