დიდი ხანია ადამიანებს სახლში უვარდებიან და სწორედ ამიტომ არ გვინდა, რომ ეს რეჟიმი იყოს ასე ძლიერი-მარიამ გეგუჩაძე

29.04.25 22:20
დიდი ხანია ადამიანებს სახლში უვარდებიან და სწორედ ამიტომ არ გვინდა, რომ ეს რეჟიმი იყოს ასე ძლიერი-მარიამ გეგუჩაძე

 

სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე, რომლის სახლშიც დღეს ჩხრეკა ჩატარდა, ამბობს, რომ პროკურატურის წარმომადგენლების სურვილი იყო სახლში ჩხრეკა ისე ჩატარებულიყო, რომ ადგილზე არც ის და არ მისი ადვოკატი არ ყოფილიყვნენ და სწორედ ამიტომ არ შეუშვეს და მისცეს უფლება ამ ჩხრეკას დასწრებოდა.

გეგუჩაძე სასაცილოდ მიიჩნევს იმას, რომ ბიძამისის სახლში შევიდნენ, რათა მისი კუთვნილი ტელეფონი და კომპიუტერი იქ მოეძებნათ.

“ალბათ ბიძაჩემს არ ეცინება, მაგრამ სასაცილოა, იქ მოეძებნათ ჩემი ნივთები, რომელიც, რა საკვირველია, არ დახვდათ“,- თქვა გეგუჩაძემ გადაცემა “რეაქციაში“.

რადგან ბიძაჩემის სახლი იყო, ისე რომ არ წასულიყვნენ, მისი ტელეფონიც გააყოლეს ხელს. იმ სახლში ასევე ცხოვრობს ჩემი 3 წლის ბიძაშვილი, რომელიც არ ვიცოდი სახლში იყო თუ არა და ვერ ვუკავშირდებოდი, რომ გამეგო. რეალურად ჩემი სანერვიულო დღეს იყვნენ ის ბავშვები. სხვა მხრივ განსაკუთრებულად მძიმე დღე არ ყოფილა, რადგან დიდი ხანია ადამიანებს სახლშიც უვარდებიან, ამ ყველაფერს დიდი ხანია აკეთებენ და სწორედ ამიტომ არ გვინდა, რომ ეს რეჟიმი იყოს ასე ძლიერი, როგორც ახლა არის.

დღეს რაც მოხდა არ ახალია, უბრალოდ რამდენიმე მესიჯი იდო ამაში: ნებისმიერი დედა, რომელიც არის ბავშვთან ერთად სახლში მარტო, ორსული, ხმას იმაღლებს და წინააღმდეგობას უწევს რეჟიმს, შესაძლოა ფიქრობდეს, რომ მასაც იგივე არ დაემართოს, აი, ამ შიშის და პანიკის დასათესად იყო საჭირო. ერთად ბევრ რამეს აკეთებენ, რომ ყურადღება გაგიფანტონ, რათა სწორი რეაგირება ვერ მოახდინო და კონცეტრირდე რამე კონკრეტულზე“,- თქვა გეგუჩაძემ.

დღეს, 29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა  „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. 

  • ჩხრეკის დაწყების დროს ბინებში ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის არასრულწლოვანი შვილები იყვნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჩხრეკა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.