"ბიჭი მამის თვალწინ ჩაცხრილა, მერე ცეცხლი დავით ცაციაშვილსაც გაუხსნა, თუმცა ტყვიები გამოელია და კაცს ფიზიკურად გაუსწორდა" - ორმაგი მკვლელობა გორში
მამა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა, სერგო ახლაკაცმა პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა.
- დაკავებულს, გამოძიება გორის ბაზართან მამა შვილის ორმაგ მკვლელობას ედავება.
საქმის მასალების მიხედვით, მან ჯერ ქუჩაში 25 წლის გიორგი ცაციაშვილი მამის თვალწინ ჩაცხრილა და შემდეგ ცეცხლი გაუსხნა შვილის დასახმარებლად მისულ დავით ცაციაშვილსაც, თუმცა ტყვიები გამოელია და შემდეგ კაცს ფიზიკურად გაუსწორდა.
პროკურატურა დღევანდელ სხდომაზე პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას, მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 50 წლის სერგო ახალკაცი ციხეში გაუშვა.
საქმეში არსებული გარემებებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილ იქნა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, იქიდან გამომდინარე, რომ მისი მხრიდან სახეზე იყო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულების განადგურების მომეტებული საფრთხეები. საქმეში არის არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ ამხელენ ბრალდებულს. ესენი არიან თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები. ამოღებულია დანაშაულის იარაღი, ასევე სხვა არაერთი ნივთმტკიცება, არის ასევე სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვიოთაც გარდაცვლილებს აღენიშნებათ არაერთი ცეცხლნასროლი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა ადგილებზე. ასევე საქმეში კიდევ არის სხვა არაერთი მტკიცებულება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5-ზე მეტი გასროლაა ნაწარმოები. ამავე დროს დადგენილია, რომ ბრალდებულს მჭიდში ტყვიები გამოელია, რის შემდეგ ფიზიკური ძალადობაც მოახდინა გარდაცვლილზე, საუბარია მამაზე და ამით დაასრულა მან თავისი ქმედება", - ამბობს პროკურორი, მიხეილ ბერიაშვილი.
შეგახენებთ, გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აპრილს, გორში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა მამა-შვილს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გამოძიება სერგო ახალკაცს 109-ე მუხლს, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდებული და დაზარალებულები დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და ათეული წლებია, „გალერეაში“ მაღაზიებს ფლობდნენ.
„გალერეის“ მოვაჭრეების ინფორმაციით, კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოხდა.