ხანძრის გამო კლინიკის ჟანგბადის ქარხანას პრობლემა შეექმნა, 93 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს - „ჰელსიკორის“ დირექტორი
ვაგზლის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო კლინიკა „ჰელსიკორში“ ჟანგბადის აპარატები გაითიშა. როგორც კლინიკის გენერალური დირექტორი, არჩილ ხანთაძე აცხადებს, პრობლემა შეექმნა ჟანგბადის ქარხანას, ჟანგბადს და გენერატორებს, რის გამოც 93 პაციენტი ინგოროყვაში, „პინეოსა“ და ალადაშვილში გადაიყვანეს.
მისივე თქმით, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტები რეანიმობილით გადაიყვანეს კლინიკაში, ნაწილი კი სასწრაფოს მანქანით.
„დღეს, 06:30-ზე შემოვიდა ზარი, რომ „ბორჯომის ვაგზლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ხანძარი. იმ დროისთვის კლინიკაში იმყოფებოდა 95 პაციენტი. პრობლემა შეექმნა ჩვენს ჟანგბადის ქარხანას, ჟანგბადს, გენერატორებს, ამიტომ მოგვიწია პაციენტების გადაყვანა სხვა კლინიკებში. ყველა პაციენტი ოპერატიულად გადავიყვანეთ. ჯანდაცვის მინისტრიც ჩვენთან ერთად არის. მადლობა 112-ს, შსს-ს. 1 საათში მოხდა ყველა პაციენტის გადაყვანა ინგოროყვაში, „პინეოში“ და ალადაშვილის კლინიკაში. ყველა პაციენტი კარგად არის, არავის სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე. ზოგი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, მათი გადაყვანა მოხდა რეანიმობილით, დანარჩენი სასწრაფოს მანქანით გადავიყვანეთ“, - აღნიშნა ხანთაძემ.
ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა დარჩენილია მხრჩოლავი კერები, ამიტომ ადგილზესაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ისევ მუშაობენ.
თბილისის ცენტრში ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.