ჩხრეკა არასრულწლოვნების თანდასწრებით - რას პასუხი აქვს გომელაურის მოადგილეს

30.04.25 15:15
ჩხრეკა არასრულწლოვნების თანდასწრებით - რას პასუხი აქვს გომელაურის მოადგილეს

ჩხრეკების სერია თბილისში - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ გუშინ ფონდების ხელმძღვანელების და სამოქალაქო აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში განხორციელებული ჩხრეკის დროს, რომელიც ორ შემთხვევაში არასრულწლოვნების თვალწინ განხორციელდა, ასევე იმ დროს, როცა მარიამ გეგუჩაძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში მიმდინარე ჩხრეკას არ დაასწრეს, "საპროცესო ნორმა არ დარღვეულა".

ჩხრეკისას რაიმე საპროცესო ნორმა დაირღვა? მე ვფიქრობ, არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, ამ შემთხვევაში, არსებობს შესაბამისი წესები, რომ გაასაჩივრონ - ამბობს დარახველიძე. 

ამასთან, კითხვაზე, თუ რატომ გახდა დიდი რაოდენობით პოლიციელის მობილიზება საჭირო ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან, შს მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ „პოლიცია იყო მობილიზებული იმ რაოდენობით, რაც აუცილებელი იყო ამ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩასატარებლად“.

დარახველიძე დღეს კამერების თვალწინ ჟურნალისტებთან ამტკიცებდა, რომ "არავითარი საჩვენებელი რეპრესიები არ ხორციელდება, ხორციელდება ის, რაც გვაქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება".

„პოლიცია იყო მობილიზებული იმ რაოდენობით, რაც აუცილებელი იყო ამ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩასატარებლად. რა რაოდენობა იქნება, ეს არის ჩვენი შიდა სამუშაო. ჩვენ თავად ვაფასებთ, რა რაოდენობის პოლიციელი გამოვიყვანოთ კონკრეტულ ღონისძიებაზე, იმისათვის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს შესაბამისი ღონისძიება. არავითარი საჩვენებელი რეპრესიები არ ხორციელდება. ხორციელდება ის, რაც გვაქვს ჩვენ კანონით ნაკისრი ვალდებულება. ვაკეთებთ იმას, რაც განსაზღვრულია,“ - განაცხადა დარახველიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დილა თბილისში ჩხრეკების სერიით დაიწყო - 29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა  „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. 

მსგავსი სიახლეები