სუროგატების სკანდალი - "საფარი" საქმის ტრეფიკინგის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს
სუროგატების სკანდალი - ქალთა უფლებამდამცველი ორგანიზაცია „საფარი“ სუროგაციის ცენტრ „ქინდერლის“ საქმის ტრეფიკინგის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
- გამოძიოება აღნიშნულ საქმეზე სხვისი ნივთის დაზიანებით არის დაწყებული.
იურისტები გაბიტაშვილის უწყებისგან ასევე ითხოვენ უზრუნველყონ დაზარალებულთა სტატუსის აღიარება.
- სუროგატი დედების თქმით, კომპანია „ქინდერლიმ“ ისინი ჰონორარის გარეშე, გაუსაძლის სოციალურ პირობებში, საცხოვრისის და საკვების გარეშე დატოვა.
„საფარი“ ასევე მოუწოდებს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგით დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს სუროგატი დედები თავშესაფარში და გაუწიოს საჭირო მომსახურება.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადამიანით ვაჭრობისა და ექსპლუატაციის დასჯას ითვალისწინებს და საქართველოში არსებობს ტრეფიკინგის მსხვერპლების სახელმწიფო ფონდი, სუროგატი დედები ამ დრომდე სრულიად დაუცველები რჩებიან, რადგან პროკურატურა უარს აცხადებს, გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით აწარმოოს და ქალებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს.
„ქინდერლის“ საქმე ცხადყოფს, რომ სუროგატი დედები საქართველოში სრულიად დაუცველი არიან, ხოლო სუროგაციით გაჩენილი ბავშვების ბედი დღემდე უცნობია. გაუმჭვირვალე კონტრაქტები, დასაქმებულთა უფლებების დარღვევა და დაზარალებულების რეაბილიტაციისთვის საჭირო სერვისების ნაკლებობა, პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.
თბილისში, იძულებით ტყვეობაში მყოფი 30-მდე ქალი რეპროდუქციული მედიცინის სააგენტოს მძიმე ბრალდებებს უყენებს. ექვსი სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოყვანილი ქალი ამტკიცებს, რომ მათ ბავშვები გააჩენინეს, თუმცა ჰონორარებს არ აძლევენ. მათი ნაამბობით ირკვევა, რომ საკეისრო კვეთიდან ორ კვირაში ერთ-ერთ ქალს საშვილოსნო ამოკვეთეს.
სუროგატი დედების შესახებ სტატიაა თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა, შემდეგ კი ამ ფაქტით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა და რეპროდუქციული მედიცინის სააგენტო Kinderly-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. დანაშაულში მიხლებული კომპანიის დამფუძნებლები მიმავლაში არიან. სუროგატი ქალები ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.