სინდისის პატიმრების პროცესები გრძელდება - ბოლო ცნობები სასამართლოდან

30.04.25 17:04
სინდისის პატიმრების პროცესები გრძელდება - ბოლო ცნობები სასამართლოდან

საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი სინდისის პატიმრის, მათე დევიძის საქმეს იხილავს - სტუდენტს, რომელსაც რეჟიმი ციხეში 7 წლიანი მუხლით გაშვებას უპირებს, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

სინდისის პატიმრის საქმე დასკვნით ეტაპზეა. სასამართლო დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. ამის შემდეგ კი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავა.

დღეს დავასრულებთ მტკიცებულებების გამოკვლევებს. უშუალოდ თავდასხმის ამსახველი ვიდეო უნდა გამოვიკვლიოთ. ამის შემდეგ გადავლენ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე", - ამბობს საქმის პროკურორი.

დღეს სასამართლომ თემურ ზასოხაშვილის და დავით ლომიძის საქმეების არსებითი განხილვაც განაახლა. ადვოკატის თქმით, პროცესზე მოწმედ იყო მისული გამომძიებელი, რომელსაც საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია.

აქციაზე დაკავებულ პირებთან მუდმივად ერთი და იგივე გამომძიებლები განიცდიან როტაციას. ზოგი სხვა საქმეშია, მერე უკან ბრუნდებიან და ა.შ. აღნიშნულმა პირმა, როგორც ბრალდების მხარეს სურს, თითქოსდა დაადასტურა, რომ ჩვენმა დაცვის ქვეშ მყოფებმა ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი ოქმებს, რასაც კატეგორიულად უარვყოფთ. აღნიშნული საქმეები არის ხელით შედგენილი. ამ გამომიებელს, რომელიც დღეს დაიკითხა, ეს საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია, იყო დამსწრე. რა თქმა უნდა, პოლიციელი პოლიციელს ხელს არ დაადებს, თუმცა უშუალოდ გამომძიებელი ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ამხილა და უთხრა, რომ სხვა პირთან შეთანხმებით მოტყუებით აწერინდებდნენ ხელს", - ამბობს ადვოკატი. 

დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები