ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება - ბესელია ბიზნესმენის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება - პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" გადაცემა "დღის ამბებში" ისაუბრა.
მისი თქმით, დაკავებულ ბიზნესმენს ვიზუალურადაც აღენიშნება სისხლჩაქცევები სხეულზე.
ბესელია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ჩიკვაიძ პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს, რომლის პერსონალის მიმართაც ბრალდებულს ნდობა ექნება.
ამასთან, ბესელია ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი:
მდგომარეობა ძალიან საყურადღებო, ძალიან კრიტიკულია და მე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს მინდა გავუსვა ხაზი, რომელიც იმ სტრუქტურების პასუხისმგებლობაა, ვინც პასუხისმგებელია გიორგი ჩიკვაიძის, ისევე როგორც სხვა პატიმრების ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე...
ის, რომ ის ეტლით გადაადგილდება და დაპატიმრების შემდეგ მისი მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ მას დამოუკიდებლად გადაადგილება უკვე არ შეუძლია, ეს არის ის ძალიან რთული და მძიმე მოცემულობა, რომელსაც სამართლებრივად სჭირდება რეაგირება.
როგორც დააპატიმრეს უკანონოდ, ეს იყო აბსოლუტურად ღიად გამოხატული, პოლიტიკური დაპატიმრების კლასიკური მაგალითი, ისე უნდა შეუცვალოს მოსამართლემ პატიმრობა, როგორი დავალებაც არ უნდა ჰქონდეს მას. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ნორმალურ პირობებში მიიღოს ყველა ის სამედიცინო, აუცილებელი, გადაუდებელი სერვისი, რომლის მიმართ მას ნდობა ექნება.
მისი მდგომარეობა დამძიმდა, არ მაქვს სამედიცინო განათლება, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს ციხეებში, მათ შორის საავადმყოფოებში მყოფი პატიმრების მონახულების ვიზუალურად, გამოხატულად ეტყობა მას ორივე ფეხზე ეს სისხლჩაქცევები და სილურჯეები, რომლებიც სპეციალისტების მიერ არის გამოსაკვლევი, რა ხდება, რატომ მოხდა და რა საფრთხის შემცველია. რომ არის ეს საფრთხის შემცველი, ეს არის უდავო.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. არ არის საკმარისი მხოლოდ ნევროლოგის კონსულტაცია. მას სჭირდება სპეციალიზებულ, დაცულ კლინიკაში გადაყვანა, სადაც მისთვის სანდო ექიმები და სპეციალისტები გაუწევენ აუცილებელ დახმარებას”, - თქვა ბესელიამ.