მოსამართლე ცაცუამ ლევან სანიკიძე 5 ათასი ლარით დააჯარიმა - პოლიტიკოსი ჯარიმის გადახდას არ აპირებს
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე 5 000 ლარით დააჯარიმეს - გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ცოტახნის წინ გამოაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ჯარიმის გადახდას არ აპირებს და რუსთაველის გამზირზე აქციას დღესაც შეუერთდება.
გააერთიანეს ორი საქმე, ორივე არის დაახლოებით ერთნაირი შინაარსის. მედავებიან რუსთაველის გამზირზე დგომას და გადაკეტვას: 30 იანვრის და 1 თებერვლის ორი ეპიზოდია. დღევანდელი გადაწყვეტილებით მათ გააერთიანეს ჯარიმები და 10 ათასი ლარის ნაცვლად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 5 ათასი ლარით დავეჯარიმებინე. მე რა თქმა უნდა, ამ ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ. ვთვლი, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ჩამიდენია. თავად სანქცირებულმა მოსამართლემ ჩაიდინა უსამართლობა.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში დადგება დრო, როცა სასამართლოს ამ შენობაში იქნება სამართალი და რუსთაველის გამზირზე აღარ მოგვიწევს ბრძოლა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის. დღესაც კვლავინდებურად ვიქნები რუსთაველის გამზირზე და დღევანდელ ეპიზოდზეც ერთი-ორი თვის შემდეგ დამიბარებენ სასამართლოში “, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.