ფერფლადქცეული ბაზრობა - 350 მოვაჭრე ლუკმა პურის გარეშე და დიდი საბანკო ვალებით დარჩა

ტანსაცმლის სექციები, მეორადი სამოსის საწყობები, საოჯახო ქიმიის მაღაზიები და სასაწყობე ფართები - ხანძარმა ე.წ. ბორჯომის ბაზრობა მთლიანად გაანადგურა. 15 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორია, სადაც 400-მდე მაღაზია და საწყობი იყო, 2 საათში ფერფლად იქცა. ხალხი, ვისაც თავი ტანსაცმლის გაყიდვით გაჰქონდა ულუკმაპუროდ და ბანკის აუარება ვალებით დარჩა.
"ბორჯომის ვაგზლის" ტერიტორიაზე, იქ სადაც "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულ მოვაჭრეებს ტანსაცმლის ბაზრობა ჰქონდათ მოწყობილი, ხანძარი გამთენიას გაჩნდა. ცეცხლის ალი დილის 06:00 საათზე ხილ-ბოსტნეულის ერთ-ერთმა მოვაჭრემ შენიშნა. ხანძრის კერა კლინიკა "ჰელსიკორთან" ახლოს გაჩნდა, სადაც მეორადების დახლებია.
მაღაზიების მფლობელები ამბობენ, რომ ადგილზე მალევე მივიდნენ, სახანძრო ბრიგადები ამ დროს მისულები ჯერ არ იყვნენ - მოვაჭრეებს და ობიექტის დაცვის სამსახურს მასშტაბური ხანძრის ქრობა შიშველი ხელებით უწევდათ.
მასშტაბური ხანძრის ჩაქრობას 30-მდე სახანძრო ბრიგადა და 100 მდე მაშველი 3 საათის განმავლობაში ცდილობდა. დაკვამლიანება იმდენად ძლიერი იყო, რომ კლინიკა "ჰელსკორის" ჟანგბადის მიმწოდებელი სისტემა გაითიშა და რეანიმაციიდან 93 პაციენტი სხვა კლინიკებში გადაიყვანეს.
- ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიის მფლობელი სახელმწიფოა, თუმცა 15000 კვადრატული მეტრის სივრცე 49 წლიანი იჯარით "თბილისი ცენტრალისთვის" იყო გადაცემული, "თბილისი ცენტრალს" კი შპს ბაქანისთვის.
- ვინ მართავდა სადგურს და ვინ იყო პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე? - "თბილის ცენტრალი" განცხადებაში წერს, რომ ეს შპს ბაქანია, რომელიც ტერიტორიას მართავდა.
ბორჯომის ბაზრობის დამფუძნებელი "პირველებს" უყვება, რომ ხანძარი საეჭვოა - რადგან, დილით ადრე, არასამუშაო საათებში აალება კითხვებს ბადებს, მითუმეტეს იმ დროს, როდესაც ადგილზე ელექტროქსელი 1 თვის გამოცვლილი იყო.
- ბაზრობის მმართველ კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს, თორნიკე წერეთელი, ხათუნა გიგოლაშვილი სიმონ გველესიანი. გველესიანი დღეს ადგილზე იყო.
ხანძრით დაზარალებულებთან არ მისულა კახი კალაძე. თბილისის მერი დღეს ხანძრის შემდეგ თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოჩნდა, თუმცა სხდომა ისე დაიწყო და ისე დასრულდა რომ სიტყვა არ უთქვამს.
ფერფლად ქცეული ბაზრობა - სოფო ნიაური დეტალებით
ფოტო: რადიოთავისუფლება