გაშიფრულია თაღლითური სქემა, რომლითაც გამომძალველებმა მილიონი მიითვისეს
თაღლითური ქოლცენტრის შემქმნელები, რომლებმაც 60-მდე მოქალაქეს მილიონ დოლარზე მეტი გამოსძალეს, ოპერირებას აგრძელებენ და გამოძიების დაწყებიდან 2 თვის თავზეც ხელშეუხებლები არიან. განსასჯელის სკამზე მხოლოდ 4 კურიერი ზის, რომლის ფუნქციაც ხალხის ტერორში მინიმალური იყო.
დაზარალებულების ინფორმაციით, დაკავებული კურიერების გარდა, ქოლცენტრის შემქმნელებს კიდევ ათობით დაქირავებული პირი ყავთ, და უკვე თვეებია, ხალხისთვის ფულის გამოძალვა შეუფერხებლად გრძელდება.
არსებული ინფორმაციით, თაღლითები, რომლებმაც ხალხს მილიონი გამოსძალეს, გამაოგნებელი სქემით მუშაობდნენ. რუსულად მოსაუბრე მამაკაცი წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ურეკავდა და თავს გამომძიებლად აცნობდა. არწმუნებდა, რომ მისი ნათესავი ავარიაში მოუყვა და ციხე ემუქრებოდა. საქმის მიჩქმალვის სანაცვლოდ კი ფული უნდა გადაეხადა. მსხვერპლთან, ვინც ფსიქოლოგიური ტერორის შემდეგ, ფულის გადახდას თანხმდებოდა კურიერი მიდიოდა და თანხას ართმევდა.
სვეტლანა ზოევას თაღლითებმა უთხრეს რომ მისი შვილიშვილი ავარიაში მოყვა. პენსიონერ ქალს, მეტი დამაჯერებლობისთვის ახალგაზრდა ქალის ტირილი მოასმენინეს, თითქოს მას დახმარებას დაშავებული შვილიშვილი სთხოვდა. დაზარალებულს წლების ნაგროვები 7 ათასი ევრო გამოსძალეს, მან დღეს ერთ-ერთი ბრალდებული კურიერი სასამართლო დარბაზში ამოიცნო.
დანაშაულებრივი დაჯგუფების თაღლითობის მსხვერპლი გახდა ნორა აბუაშვილიც. მას მამაკაცმა, რომელიც თავს გამომძიებლად ასაღებდა, შინაგან საქმეთა მინისტრის გვარიც კი უხსენა, რომ გამოგონილი ისტორია მეტად დამაჯერებელი ყოფილიყო. კურიერთან გამოლაპარაკების გამო, პენსიონერ ქალს ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყვეს. ყველა დაზარალებული ითხოვს პასუხისგებაში მიეცნენ ის პირები, ვინც მათ ტელეფონზე ურეკავდა და ფულის გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში ემუქრებოდა.
ბრალდებულებს გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ თაღლითობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.