როგორ გამოაცხადა სუს-მა პარტნიორები მტრებად - რა წერია ოხანაშვილის ანგარიშში
ანრი ოხანაშვილმა თანამდებობაზე დანიშვნიდან სამ კვირაში ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დასავლეთს ასახელებს. ეს უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშია, რომელიც უწყების საქმიანობას აჯამებს და უმეტეს ნაწილს რევოლუციებს უთმობს. დოკუმენტის შესავალშივე ჩანს, რომ მთავარ გამოწვევას ოხანაშვილის უწყება საპროტესტო აქციებში ხედავს და მას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობად წარმოაჩენს. ასეთი რამ აქამდეც წაგვიკითხავს, თუმცა სუსი ამჯერად აკონკრეტებს ვისგან მოდის საფრთხე - ეს დასავლური სახელმწიფოებია.
სუსი ამტკიცებს, რომ პროტესტის მონაწილეები ქუჩაში რუსული კანონის და არჩევნების გამო დგანან. არ ახსენებს 28 ნოემბერს და ოცნების გადაწყვეტილებას, რამაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები გამოიწვია. პროტესტის მონაწილეები ამ დოკუმენტში ფაქტობრივად აგენტებად არიან გამოცხადებული, რადგან ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს და მედიას ოხანაშვილის უწყება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირს აბრალებს.
სად არის რუსეთი და მტრის გავლენები; რამდენი ჯაშუში გამოვლინდა და როგორ ებრძვის რუსეთის ჰიბრიდულ მეთოდებს საქართველო - უსაფრთხოების სამსახური რუსეთზე მხოლოდ ერთგან ოკუპაციის შესახებ დათმობილ თავში საუბრობს. სხვა მხრივ ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის წყაროდ საუბარი ისევ დასავლეთზეა. ის რასაც დოკუმენტში ვკითხულობთ პოლიტიკოსებისგან ბევრჯერ მოგვისმენია, თუმცა როცა ასეთი რამ ოფიციალურ ანგარიშში იწერება, ვითხოვთ მტკიცებულებას და არგუმენტს.