გიორგი ოკმელაშვილის ადმინისტრაციული სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო - ადვოკატი

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის ადმინისტრაციული სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო - ამის შესახებ მისი ადვოკატი, კობა ბარამია სოციალურ ქსელში წერს.
"ფროდაქშენ სტუდიის" დამფუძნებელის უფლებადამცველის განმარტებით, საქმე ოკმელაშვილის მიმართ საშიშროების რისკის ხელოვნურად, უსაფუძვლოდ დამძიმების შესახებ პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებას ეხება.
გიორგი ოკმელაშვილის ადმინისტრაციული სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
დაცვის მხარის მიერ სადავოდაა გამხდარი გიორგი ოკმელაშვილის მიმართ საშიშროების რისკის ხელოვნურად, უსაფუძვლოდ დამძიმების შესახებ პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება.
როგორც თქვენთვის ცნობილია, გიორგი ოკმელაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, საწყის ეტაპზე საშიშროების „საშუალო“ ხარისხის რისკი და ნახევრად-ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის მიზნით განთავსება განესაზღვრა.
მოგვიანებით, ერთი თვის თავზე, პენიტენციურმა სამსახურმა კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გიორგი ოკმელაშვილს დაუმძიმა რისკის ხარისხი და განუსაზღვრა საშიშროების „მომეტებული“ რისკი. შედეგად, გიორგი ოკმელაშვილი მოათავსეს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (ერთ ოთახში).
ბრძოლას ვაგრძელებთ სისხლის სამართლის საქმეზეც. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, გასაჩივრდება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა ცრუ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არსებით წინააღმდეგობაში მოდიან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ძირითად ვიდეოჩანაწერთან.
აუცილებლად დავამტკიცებთ მოწმეთა მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებს!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!" - წერს კობა ბარამია.
შეგახსენებთ, გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის საბაბით. 17 მაისს სასამართლომ ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობდა. ამასთან, საქმეს დაემატა ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობდა.