"მედავებიან იმას, რაც არ გამიკეთებია, დაკავებას არ გამოვრიცხავ" - ანა ყურაშვილი

01.05.25 14:46
"მედავებიან იმას, რაც არ გამიკეთებია, დაკავებას არ გამოვრიცხავ" - ანა ყურაშვილი

პარტია "ახალისა" და პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" პრესსამსახურების წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. 

შესვენების დროს, სხდომათა დარბაზიდან გამოსულმა "გირჩი-მეტი თავისუფლების" პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ანა ყურაშვილმა "პირველებთან" განაცხადა, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიერ წაყენებული ბრალდება აბსურდულია. 

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ადმინისტრაციული წესით დააპატიმრებენ, ანა ყურაშვილი პასუხობს - "არაფერს გამოვრიცხავ". 

არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ აბსურდული ბრალდებაა. მედავებიან იმას, რაც არ გამიკეთებია. მედავებიან, რომ მირიან ქავთარაძეს მონას ვეძახდი, ოღონდ იმ ტერიტორიაზე, რა ნაწილზეც მედავებიან, ფიზიკურად არ ვყოფილვარ. წინასწარ არ ვიცი, რა მოლოდინი უნდა მქონდეს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ". - განაცხადა ანა ყურაშვილმა. 

ცნობისთვის, ვახო გომელაურის უწყება ოპოზიციური პარტიების - "ახალის" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" პრესსამსახურების, მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილისთვის პატიმრობას ითხოვს. 

მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილს ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილს, პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან.