საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო - დაშავდა რამდენიმე ადამიანი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების პრესსამსახურების ადმინისტრაციული საქმის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპონდენტი იტყობინება, დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში მობილიზებულ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებსა და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრებს შორის მოხდა.
ირკვევა, რომ მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილის სასამართლო პროცესზე კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრებს დასწრების საშუალებას არ აძლევდნენ, რაც შემდგომ ხმაურის მიზეზი გახდა. სხდომათა დარბაზიდან კოალიციის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.
ამასთან, როგორც "ტვ პირველის" ჟურნალისტი იტყობინება, დაპირისპირება ადგილზე მყოფ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებსა და ნიკა გვარამიას შორისაც მოხდა.
დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულები "პირველებთან" ამბობენ, რომ ერთ-ერთ პირს ხელის არეში, ხოლო მეორეს კისრის არეში აქვს დაზიანება მიღებული.