"მთავარმა არხმა" მაუწყებლობა შეწყვიტა
"მთავარმა არხმა" მაუწყებლობა შეწყვიტა - ახლა ეკრანებზე ერთადერთი წარწერა ჩანს - "აქ იყო მთავარი".
კრიტიკული არხის ჟურნალისტები ტელევიზიის მიერ მაუწყებლობის შეწყვეტის მთავარ შემოქმედად "ქართულ ოცნებას" ასახელებენ.
მათი თქმით, არხი ფინანსურ კრიზისამდე სწორედ ზაზა ოქუაშვილმა მიიყვანა და ტელევიზია მისი ხელით ბიძინა ივანიშვილმა დახურა.
ჟურნალისტები ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ და აცხადებენ, რომ მაყურებელთან კომუნიკაცია სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.
ბოლო 6 წლის განმავლობაში რა ბრძოლებიც გადავიარეთ, მართლა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზე, მაგრამ გვიკეტავდნენ და გვიქმნიდნენ ყველანაირ ბარიერებს. ვახერხებდით, რომ დაგვეძლია, მაგრამ ბოლო პერიოდში ისეთი კრიზისი შეიქმნა, რომ სამწუხაროდ, სხვანაირი გამოსავალი არ მოიძებნა. როგორც ეს ქვეყანა იბრძვის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, ჩვენც ქვეყანასთან ერთად გადავრჩებით. აუცილებლად იქნება სხვა არხი, სხვა პლატფორმა და ჩვენს სიტყვას მაყურებელი აუცილებლად გაიგონებს, რადგან მთავარი ხართ მართლაც თქვენ". - განაცხადა ნათია გოგსაძემ.
"მთავარ არხზე" საკმაოდ ჭკვიანი, გონიერი ადამიანების გუნდი მუშაობდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი არ დაიკარგება. ისევ ერთად გავაგრძელებთ თანამშრომლობას, თუ ცალ-ცალკე, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს. მე მჯერა, რომ როდესაც ერთი სრულდება, აუცილებლად იწყება მეორე და უკეთესი". - განაცხადა ნინო გაზდელიანმა.
რეჟიმმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ამ არხს ფუნქციონირება შეეწყვიტა. მაგრამ, მგონი ადრეც აქვთ ეს მაგალითი მათ ნანახი, რომ აქ არხზე, შენობაზე, ლოგოზე არ არის საუბარი. აქ არის ადამიანებზე საუბარი, რომლებიც ერთი იდეისთვის ვართ გაერთიანებული ძალიან დიდი ხანია უკვე. ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ, ცოტახნით შეიძლება მიკროფონის გარეშე, მაგრამ ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება". - განაცხადა ქეთა ციცქიშვილმა.