ნეთანიაჰუ: ისრაელმა სირიის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად საჰაერო იერიში მიიტანა
ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოში პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სამიზნეზე საჰაერო იერიში მიიტანა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმა დამასკოში, აჰმედ ჰუსეინ ალ-შარაას სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელეს, თუმცა სამიზნე არ დაუკონკრეტებიათ.
„ისრაელმა გუშინ ღამით დამასკოში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად დარტყმა განახორციელა. არ დავუშვებთ (სირიის) ძალების განლაგებას დამასკოს სამხრეთით ან დრუზების თემისთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნას“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
სირიის ხელისუფლების მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.