დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" მიერ ქიმიური საშუალებების გამოყენება უკანონო და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო - საიას ანგარიში

02.05.25 11:23
დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" მიერ ქიმიური საშუალებების გამოყენება უკანონო და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო - საიას ანგარიში

მოწამლული დემონსტრანტები და ძალადობაში მხილები პირები - რა გამოიძია რეჟიმმა სისხლიანი ნოემბრის ფაქტებზე? საკითხზე საგანგებო ბრიფინგი საიამ გამართა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას იმ ქიმიურ ნივთიერებაზე ამახვილებს, რომელეც დემონსტრანტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული და რომელიც მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მძიმედ აისახა. იურისტების თქმით, შშ-ს მიმართეს კითხვით, თუ რა ნივთიერება იქნება მათ მიერ აქციებზე გამოყენებული, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. მათივე ინფორმაციით, პასუხი კითხვაზე არც ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა.

საია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა შემადგენლობის ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შსს, მათი გამოყენების მეთოდები და პრაქტიკა იყო ცალსახად უკანონო და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი. ამ ფონზე კი, არასამტავრობო ორგანიზაციის განცხადებით, პასუხისგებაში არცერთი პირი არ იქნეა მიცემული.

საია პირდაპირ ამბობს, რომ რეჟიმის მსგავსი პრაქტიკა ხაზს უსვამს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების სისტემურ, ორგანიზებულ და დანაშაულებრივ ბუნებას.

2024 წლის 28 ნოემბრიდან, რამდენიმე ღამის განმავლობაში, მშვიდობიანი დემონტრაციების დასარბევად ქართული ოცნება აქტიურად იყენებდა ქიმიურ საშუალებებს, მათ შორის  ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლში შერეულ ქიმიურ გამაღიზიანებლებს.


ქიმიური გამაღიზიანებლების ზემოქმედებამ დაზარალებულთა ნაწილისთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია. ცალკეულ შემთხვევებში დაზარალებულებს მომდევნო თვეების განმავლობაში ინტენსიური მკურნალობის ჩატარება დასჭირდათ, ხოლო ქიმიური საშუალებების ზემოქმედებით გამოწვეულმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ, ამ დროის განმავლობაში, მნიშვნელოვნად იმოქმედა მათი ყოველდღიური ცხოვრების დონესა და პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობაზე. სოცილურ ქსელებში დღემდე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ქიმიური საშუალებების ექსპოზიციით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ.


აქციის მონაწილეები, რომლებსაც წარსულშიც გამოუცდიათ ქიმიური გამაღიზიანებლების ზემოქმედება აქციების დაშლის პერიოდში, აღნიშნავენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოყენებული ცრემლსადენი გაზი მნიშვნელოვნად უფრო მაღალი ინტენსივობის ტკივილსა და სიმპტომებს იწვევდა, ვიდრე 2024 წლის გაზაფხულის აქციების პერიოდში.[1]


დღემდე უცნობია რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, აღნიშნულის შესახებ 2025 წლის 28 იანვარს შეკითხვით მივმართეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს[2], თუმცა პასუხი არ მიგვიღია. გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობა უცნობი არის, მათ შორის, იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებსაც დაზარალებულებისთვის სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიათ. საიამ ამ კითხვით   ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა, რომელმაც 19 თებერვალს გვიპასუხა, რომ სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში გამოყენებული ქიმიური საშუალებების შესახებ.[3] ჯანდაცვის სამინისტროს პასუხის მიხედვით, აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ გამოუთხოვიათ, “საჭიროების არარსებობის გამო”.[4]   


ამასთან, მიუხედავად იმისა, თუ რა შემადგენლობის ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შსს, მათი გამოყენების მეთოდები და პრაქტიკა იყო ცალსახად უკანონო და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი. ცრემლსადენი გაზის გამოყენებისას, ხშირად, აქციის მონაწილეებს არ ეძლეოდათ ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა. აღნიშნულის მიზეზები იყო  ძლიერი დაკვამლანება, ცრემლსადენი გაზის ინტენსიური გამოყენებით გამოწვეული დეზორიენტაცია, გასასვლელების ბლოკირება პოლიციის მიერ ან ხალხის რაოდენობის გამო. საპოლიციო ძალები ხშირად ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ რამდენჯერმე ერთსა და იმავე ადგილას, რაც აკრძალული პრაქტიკაა.[5] ასევე, მოულოდნელად, მჭიდროდ მდგარი ხალხის მასებში, რაც ჭყლეტვის საშიშროებას ქმნიდა. ადგილი ჰქონდა გაზის კაფსულების დამიზნებით სროლას და შენობის სახურავებიდან ჩამოგდებას, რაც, ასევე მძიმე დაზიანების მიღების მაღალ რისკს ქმნის.


საპოლიციო ძალები ასევე იყენებდნენ წყლის ჭავლში შერეულ უცნობ ქიმიურ გამაღიზიანებლებს. წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლების შერევა პრობლემური და საფრთხის შემცველი პრაქტიკა, რომელიც ძლიერ ფიზიკურ ტკივილს იწვევს და ჯანმრთელობის დაზიანების სერიოზულ რისკს ქმნის. იგი არღვევს სამართალდამცავთა ვალდებულებას, მოახდინონ ზიანის მინიმუმამდე შემცირება. ამის გამო, “ამნესთი ინთერნეიშენალის”  სახელმძღვანელო სახელმწიფოებს აღნიშნული პრაქტიკის აკრძალვისკენ მოუწოდებს. წყლის ჭავლში ქიმიკატების შერევა არარეკომენდებული პრაქტიკაა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის სახელმძღვანელოს მიხედვითაც. აღსანიშნავია, რომ პროტესტის მონაწილეთა ნაწილი, რომლებსაც ქიმიკატებიანი წყლის ჭავლი პირდაპირ არ მოხვედრიათ, იხსენებენ, რომ წყლის ჭავლის გაშვებას ძლიერი სუნი ახლდა თან, რაც წყალთან პირდაპირი კონტაქტის გარეშეც იგრძნობოდა, ხოლო მასთან მცირედი შეხებაც ძლიერი წვისა და ქავილის შეგრძნებას იწვევდა.


ცალსახაა, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების გამოყენება უკანონოდ ხდებოდა და, რიგ შემთხვევებში, უტოლდებოდა არასათანადო მოპყრობას. მიუხედავად ამისა, აღნიშნულთან დაკავშირებით არ დამდგარა არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად მსგავს უკანონო და საფრთხის შემცველ მეთოდებს მიმართავდა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების სისტემურ, ორგანიზებულ და დანაშაულებრივ ბუნებას, - განაცხადეს ბრიფინგზე.