"სისხლი სასამართლოს სინდისზეა" - აღმაშენებლის ხეივანზე შეკრებილებმა ხელები წითელი საღებავით შეიღებეს
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეების კონფერენციის მიმდინარეობისას, აღმაშენებლის ხეივანზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა ხელები წითელი საღებავით შეიღება.
ამ პერფორმანსით პროტესტის რეჟიმში გადასულ ადამიანებს მოსამართლეებისთვის იმის თქმა სურდათ, რომ ივანიშვილის რეჟიმს, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემას ხელები სწორედ ახალგაზრდების სისხლში აქვს გასვრილი.
სასამართლოს სინდისზეა ეს სისხლი. მთელი ჩვენი პროტესტის განმავლობაში დაასახიჩრეს უამრავი ადამიანი, ამის გამო არავინ დასჯილა და კიდევ გამოაქვთ განაჩენები, რომელიც სამარცხვინოა. მხოლოდ სასამართლოს გამოყოფა არ მინდა, მაგრამ სასამართლო ყველაზე ურჯულო ორგანოა". - განაცხადა მოქალაქემ.
ცნობისთვის, დღეს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეების შეკრება გაიმართა. მოსამართლეების თავყრილობის პარალელურად, აღმაშენებლის ხეივანზე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და მათ პროტესტის ხმა გააგონეს. საბოლოოდ, მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დატოვება საპროტესტო შეძახილებისა და ხმაურის ფონზე მოუწიათ.