მილიონიანი ქონება მერიის ყოფილი თანამშრომლის სახელზე - უწყებიდან უკანონოდ გაშვებულების პირველი კომენტარები
შაბათის ეთერის ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ, რომელიც, სავარაუდოდ, ირაკლი ხმალაძის მფლობელობაში აღმოჩენილ მილიონიან ქონებას ეხება, მერიიდან უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეები ეხმიანებიან.
ყოფილი საჯარო მოხელე ნანიკო ბრეგვაძე პირდაპირ ამბობს, რომ ორი უნივერსიტეტის დამთავრების და 11 წლიანი სტაჟის მიუხედავად, ერთი პატარა ბინის შეძენაც ვერ მოახერხა. ამიტომ, მერიის ყოფილ თანამშრომელს აინტერესებს, როგორ მოახერხა, თუნდაც თამარ მელიქიშვილმა მილიოანიანი ქონების შეძენა.
ამასთან, ნანიკო ბრეგვაძე დარწმუნებულია, რომ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ ხელი ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციაზე მოაწერა.
ძალიან ბევრი ვიმეცადინე, ძალიან ბევრიც ვისწავლე. დღე და ღამეს ვათენებდი მეცადინეობაში, ორი უნივერსიტეტიც დავამთავრე, მაგრამ დღეს ქირით ვცხოვრობ და ქირის გადახდის შესაძლებლობაც აღარ მაქვს, ვინაიდან თბილისის მერიამ დამითხოვა სამსახურიდან. გახლავართ ევროინტეგრაციის პეტიციაზე ხელმომწერი ერთ-ერთი, სადაც ეწერა ტექსტი, რომ არ ვეთანხმებით ევროინტეგრაციის შეჩერებას, შესაბამისად, აღნიშნულ ტექსტზე მოვაწერე ხელი და მას შემდეგ დაიწყო თანამშრომლების დევნა და იყო ორი დასჯის მეთოდი: დაქვეითება და სამსახურიდან გაშვება.
კითხვა მინდა, დავისვა მათ: რას სწავლობენ, რას მეცადინეობენ ისე, რომ მე პირადად, ერთი პატარა ბინის შეძენა ვერ შევძელი და თვითონ ვილებს იძენენ. რას სწავლობენ, ერთი მეთოდი მაინც გამიზიარონ, - ამბობს ნანიკო ბრეგვაძე.
ხელმძღვანელი პირების სავარაუდო კორუფციაში ჩართულობაზე საუბრობს კიდევ ერთი ყოფილი საჯარო მოხელე ანა კომლაძე. ბრეგვაძის მსგავსად, ანა კომლაძეც ამბობს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
ჩვენი გაშვება ერთმნიშნელოვნად და ცალსახადა პოლიტიკური გადაწყვეტლება იყო და რაც შეეხება რესურსებს, კი, ჩენ წლების განმავლობაში ვუყურებთ, როგორ იზრდება ხელმძღვანელი პირების ხელფასები. მაგალითად, თუ მერის ხელფასი 2015 წელს, როცა მე დავიწყე მუშაობა, იყო 3 ათასი ლარი და ჩემი ხელფასი 1000 ლარი იყო, ახლა მერის ხელფასი არი 9 ათასი ლარი და ჩემი პოზიცია ბოლოს მომატებით იყო 1400 ლარი. ესეც რომ არ იყოს, აი, ამ 10 ათასი ლარითაც კი ვერ იყიდის საჯარო მოხელე, იმხელა ქონებას ვერ დააგროვებს. ამხელა ხელფასითაც კი ძალიან გაჭირდება იმ სიმდიდრის მობილიზება და მდიდრული სახლების აშენება, თან არაერთის. ეს აშკარადა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ფინანსების არამართლზომიერ გამოყენებასთან, ალბათ კორუფციასთან. ეს ამ განხრიც მკვლევარებმა უნდა იკვლიონ ალბათ, მაგრამ საზოგადოებითვის ეს არის განგაშის შემოკვრის ზარი, - ამბობს ანა კომლაძე.
362 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი და უზარმაზარი ეზო ბეთანიაში - "შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქონება კახა კალაძის მარჯვენა ხელს, თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს ეკუთვნის, რომელმაც ქონება ყოფილი თანამშრომლის სახელზე გააფორმა.
ოფიციალურად ბეთანიაში სახლ-კარის მფლობელი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე, თამარ მელიქიშვილია.
"შაბათის ეთერი" დაინტერესდა, თუ სასახლე ბეთანიაში ნამდვილად მას ეკუთვნის, საჯარო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ როგორ მოაგროვა მილიონ 200 ათასი რომ ეს უძრავი ქონება, სესხის გარეშე შეეძინა - თამარ მელიქიშვილი კითხვებს არ პასუხობს.