დადიანის ქუჩაზე ძველი კორპუსების ჩამონგრევის საფრთხე ისევ არსებობს - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
თბილისში, დადიანის ქუჩაზე დღესაც სპეციალური სამსახურების მობილიზებაა. ჩამონგრეული სახლის სიახლოვეს სახანძრო მანქანა და პოლიციაა მობილიზებული. "პირველებს" ადგილზე უყვებიან, რომ ეს ზომები უსაფრთხოების გამოა მიღებული, რომ რომელიმე მოქალაქემ საცოხოვრებელ კორპუსში შესვლა არ სცადოს.
დადიანის ქუჩაზე ამ დროისთვის შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის.
ამავე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი მძიმე ვითარებაა სხვა კორპუსებშიც. მათი თქმით, სახლები დაზიანებულია და ინგრევა, მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
ჩემი კედელი უკვე აღარ არის, დანგრეულია. გარემონტება შეუძლებელია, მიწისძვრისგან დაზიანდა. განვაცადეთ მერიაში, მაგრამ კაპიტალურ რემონტს ვერ გავაკეთებთო, დანგრევით კიდევ, ბევრი ხალხიაო.... 12 ადამიანი ვცხოვრობთ და ალბათ არ ჯავრობენ ძალიან, - ამბობს ადგილობრივი.
ყველა ინფორმაცია მერიაში, ყველამ იცის აქ რა ამბავია, როგორ ინგრევა შენობები და რავიცი, ყურადღებას არავინ გვაქცევს, 170 წლიანი კორპუსებია. რამდენი მანქანები მოძრაობენ, ზანზარებს ყველაფერი, შენობები ინგრევა, - ამბობს ადგილობრივი.
ადგილზე დღეს იმყოფებოდნენ ნაძალდევის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებიც. გამგებელი ადასტურებენ, რომ კორპუსის ავარიულობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, მოსახლეობას ჩანაცვლების პროგრამაც შესთავაზეს, თუმცა კოპრუსის მაცხოვრებლებმა თანხმობა არ მისცეს.
თბილისში, დადიანის ქუჩაზე 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი, ორი ადგილობრივი და ერთი მუშა. დაშავებულები დაჟეჟილობებით კლინიკაში გადაიყვანეს.