დღეს ჩვენი ბიჭებიც იბრძვიან სახეშეცვლილი ფაშიზმის წინააღმდეგ... ჩვენს შემთხვევაშიც, სიკეთე ბოროტებას დაამარცხებს - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების მიმართვა

09.05.25 21:00
დღეს ჩვენი ბიჭებიც იბრძვიან სახეშეცვლილი ფაშიზმის წინააღმდეგ... ჩვენს შემთხვევაშიც, სიკეთე ბოროტებას დაამარცხებს - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების მიმართვა

 

 

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა რეჟიმის ტყვეებსა და ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართეს - თავდაპირველად, ოთხ კედელში გამომწყვდეული ახალგაზრდების ნათესავებმა უდანაშაულოდ დაკავებულებს თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადეს და მათ გამძლეობა უსურვეს. 

მოგვიანებით, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა ევროპის მოედანზე შეკრებილ მშვიდობიან დემონსტრანტებს ფაშიზმზე გამარჯვების ისტორია გაახსენეს და რეჟიმის ტყვეებსა და გერმანული ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს შორის ტოლობის ნიშანი დასვეს. 

"დღეს ჩვენი ბიჭებიც იბრძვიან სახეშეცვლილი ფაშიზმის წინააღმდეგ, როგორც მაშინ სძლია სიკეთემ ბოროტებას და სინათლემ გაანათა სიბნელე, ზუსტად ასე მოხდება ჩვენ შემთხვევაშიც" - განაცხადა ირაკლი ქერაშვილის დამ, ქეთი ქერაშვილმა. 

ჩემთვის აქ დგომა ძალიან ემოციურია. შარშან ჩემი ძმა და სინდისის თითოეული პატიმარი იდგა აქ, თქვენთან ერთად. პირველ რიგში, მივმართავ სინდისის პატიმრებს, ბიჭებო ძალიან გვიყვარხართ, გამაგრდით. გარდაუვალია ჩვენი გამარჯვება და საქართველოს ევროპულ გზაზე არ დაბრუნება. მინდა გითხრათ მადლობა იმისთვის, რომ არ ივიწყებთ თქვენი წინაპრების მიერ ჩანერგილ თავისუფლებას, მხნეობას, ქართველობას.

დღეს არის 9 მაისი, გერმანულ ფაშიზმთან გამარჯვების დღე. ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იკითხოს, რა შუაში არიან სინდისის პატიმრები 9 მაისთან, მაგრამ ერთი პარალელი ძალიან ნათელია, ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ და თავი შესწირეს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, დღეს ჩვენი ბიჭებიც იბრძვიან სახეშეცვლილი ფაშიზმის წინააღმდეგ, იბრძვიან ბოლომდე და იცოდეთ ერთი, როგორც მაშინ სძლია სიკეთემ ბოროტებას და სინათლემ გაანათა სიბნელე, ზუსტად ასე მოხდება ჩვენ შემთხვევაშიც. გავიმარჯვებთ მოდიფიცირებულ ფაშიზმზე, დავიბრუნებთ საქართველოს". - განაცხადა ქეთი ქერაშვილმა.