ქალ აქტივისტს, რომელსაც 5 მაისს წიწაკის სპრეი და ბრილიანტის მწვანე შეასხეს, საგამოძიებო უწყებიდან ამ დრომდე არ დაკავშირებიან
აქტივისტი ნუცა მახარაძე, რომელსაც 5 მაისს წიწაკის სპრეი და ბრილიანტის მწვანე შეასხეს, ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია და შესაბამისად, დღემდე არ იცის, მოახერხეს თუ არა საგამოძიებო უწყებებმა იმ პირის იდენტიფიცირება, რომელიც მას და მის მეგობრებს ჩაუსაფრდა და ლიფტიდან გამოსულებს, წიწაკის სპრეი და ბრილიანტის მწვანე შეასხა.
მახარაძის თქმით, ერთადერთხელ, თავდასხმის დროს ჰქონდა კომუნიკაცია სამართალდამცველებთან, როდესაც სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ამის შემდეგ, ის დაიბარეს გამოკითხვაზე, დაზარალებულმა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა, თუმცა, 5 დღის გასვლის შემდეგაც, საგამოიძებო უწყებიდან არავინ შეხმიანებია.
მახარაძე ამბობს, რომ თავდამსხმელის იდენტიფიცირება მარტივი უნდა იყოს, რადგან, სავარაუდოდ, დარჩენილია თითის ანაბეჭდები ბოთლზე, რომელშიც საღებავი ესხა და სახეში შეასხეს და ის ბოთლი 12 საათის განმავლობაში სადარბაზოში იყო და ადგილიდან არ წაუღიათ.
დაზარალებული დარწმუნებულია, რომ გომელაურის უწყება, რადგან საქმე სამოქალაქო აქტივისტებს ეხება, ამ თავდასხმას არ გამოიძიებს.
მოვითხოვე მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვა, მხოლოდ ამ ფორმით დაკითხვას დავთანხმდი. ამის შემდეგ, არავის დაურეკავს, არავის დავუბარებივარ, რომ რაღაც ფორმით, წინ წავიდა ეს საქმე. საქმე 126-ე მუხლით აღიძრა, ეს კიდევ ცალკე საკითხია, რამდენად სათანადოდ და სწორია მუხლი, რომლითაც საქმის ძიება დაიწყო. დიახ, ეს არის ორკესტირებული, შეთანხმებული, დაგეგმილი, თუმცა, ამ ადამიანებს ჰყავთ ზემდგომები. გამგეობის თანამშრომელია ეს , საპატრულო პოლიციის უფროსია, თუ სუს-ის თანამშრომელი, თუ ვინმე „ოცნებასთან“ დაკავშირებული ბიზნესმენი, რომელსაც თვალში არ მოუვედი, რადგან გავაკრიტიკე და სიმართლე ვუთხარი, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ნებისმიერი მათგანი შეიძლება ყოფილიყო ამის დამგეგმავი და შემკვეთი.
მათ უბრალოდ ჰგონიათ და ილუზია აქვთ იმის, რომ აი, ახლა შეგვაშინებენ და ჩვენც დავფრთხებით, რადგან ესენი სხვანაირად ვერ ფიქრობენ,- განაცხადა მახარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 5 მაისს აქტივისტ ქალებს - ნუცა მხარაძეს, ქეთი ჯანანაშვილს და მათ მეგობარს თავს დაესხნენ. სახლთან ჩაუსაფრდნენ და ლიფტიდან გამოსულებს სახეში ე.წ წიწაკის სპრეი და საღებავი შეასხეს, შემდეგ კი ტერიტორიიდან გაიქცნენ.
ქალ აქტივისტებზე თავდასხმა შუაგულ თბილისში, ვაჟა- ფშაველას გამზირზე მოხდა. ნუცა მახარაძისთვის სახეში საღებავისა და წიწაკის სპრეის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას.