შინჯიკაშვილის სიძე პოლიციელია, თუმცა ექს ვიცე-გუბერნატორის მამა ირწმუნება, რომ "სიძე ახლო ნათესავი არ არის"

13.05.25 17:24
შინჯიკაშვილის სიძე პოლიციელია, თუმცა ექს ვიცე-გუბერნატორის მამა ირწმუნება, რომ "სიძე ახლო ნათესავი არ არის"

 

 

ფიზიკური ანგარისშწორება "ტვ პირველის" ჟურნალისტზე - "პირველები" დაინტერესდა, რატომ დაიგვიანა გიორგი შინჯიკაშვილის სახლთან პოლიციამ. ირკვევა, რომ ძალადობაში მხილებული ექს ვიცე-გუბერნატორის სიძე შსს თანამშრომელია და ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში მუშაობს. 

დღეს ამის შესახებ კითხვები "პირველებმა" გიორგი შინჯიკაშვილის მამას დაუსვა. 

გიორგი შინჯიკაშვილი ირწმუნება, რომ სიძე ახლო ნათესავი არ არის და კითხვები მის სიძესთან დაკაშირებით არ უნდა დავსვათ.

ტვ პირველი: თქვენი სიძე, ხომ ადგილობრივ პოლიციის თანამშრომელია. ეს არის მიზეზი, რის გამოც ადგილობრივმა პოლიციამ დაბლოკა გუშინ ეს ამბავი და 1.20 წუთის განმავლობაში არ მოვიდა? 

შინჯიკაშვილი: თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ მე ვინ დამკითხავს და როდის დამიბარებს მე პასუხი ჩაგაბაროთ, არ გაქვთ თქვენ ჩემი რაიონის პროკურორი. მე არ ვარ ის პიროვნება, რომ მე თქვენ ახსნა-განმარტებითი ბარათი მოგცეთ. პოლიცია, რომ კარგად მუშაობს და ჰუმანური პოლიცია, რომ გვყავს იმიტომ ხართ გათავხედებულები. აბა ძველი დრო იყოს და ვინ გალაპარაკებდათ თქვენ, იმასაც გაიგებდით. სიძეს თავი დაანებეთ. ვერ გაიგეთ დიდი ქართველი ღარიბაშვილისგან, რომ სიძე ნათესავებში არ ითვლება, რით ვერ გაიგეთ.

ტვ პირველი: : მიეცით გამოძიებას კადრები, თუ წაშალეთ კადრები?

შინჯიკაშვილი: რატო უნდა წამეშალა? არაფერი არ წაგვიშლია.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს თავს ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე გუბერნატორის მამა, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, 12 მაისს დაესხა. თავდასხმის მომენტში მოძალადემ ქალ ჟურნალისტს მუშტი სახის არეში ჩაარტყა.

ამასთან, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ "ტვ პირველის" სამაუწყებლო აპარატურა - კამერა და ასევე მარიამ მაკასარაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი გაიტაცა. "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს აპარატურა მოგვიანებით, ადგილზე დაბურულმინებიანი ავტომობილების გამოჩენის შემდეგ დაუბრუნეს.

  • შეგახსენებთ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფთან დაპირისპირებული, არაერთ სკანდალში გახვეული ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი შინჯიკაშვილმა 12 მაისს დაწერა, რომ თანამდებობიდან გადადგა. "შინჯიკა" ამტკიცებს, რომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება პირადად მიიღო. 

 

მსგავსი სიახლეები