"ჩემი დასვრილი ფორმა სად ინახება არ ვიცი. ან სახლში იქნება, ან ნაგავში" - მოწმე პოლიციელი სინდისის პატიმრების პროცესზე

14.05.25 17:54
"ჩემი დასვრილი ფორმა სად ინახება არ ვიცი. ან სახლში იქნება, ან ნაგავში" - მოწმე პოლიციელი სინდისის პატიმრების პროცესზე

 

 

ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმეზე დღეს პატრულის თანამშრომელი ნიკოლოზ მანჯავიძე გამოიკითხა - პოლიციელმა, ვერც ერთ სინდისის პატიმარს ვერ დაადო ხელი და ვერ თქვა, რომ უშუალოდ რომელიმემ მიაყენა დაზიანება. 

ქაოსური მდგომარეობა იყო და არ შემიძლია ამოცნობა. ზოგს მასკა ეკეთა", - თქვა პოლიციელმა.

ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის კითხვაზე - შეუძლია მოწმეს იმის თქმა, ამ მასკის ქვეშ ჩვეულებრივი მოქალაქე იყო თუ ოპერატიული მუშაკი? ნიკოლოზ მანჯავიძემ თქვა, რომ "არ შეუძლია". 

დღეს მანჯავიძე სასმართლოზე ამტკიცებდა, რომ მას დაზიანების დროს ხელიდან სისხლი წამოუვიდა, სწორედ ამიტომ ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მას ჰკითხა სად წაიღო დასვრილი ტანსაცმელი და რატომ არ გადასცა ის გამოძიებას. 

არვიცი სისხლით დაისვარა თუ არა ტანისამოსი. ხელი ნამდვილად დამესვარა სისხლით. ამ ტანსაცმლით მორიგეობაზე არ წავსულვარ, დასვრილი იყო. სისხლით არ იყო დასვრილი. 

გამოძიებამ რაც მოითხოვა ყველაფერი მივუტანე. ჩემი დასვრილი ფორმა არ ვიცი სად ინახება. ან სახლში იქნება, ან ნაგავში", - თქვა მოწმემ.

ადვოკატის დამაზუსტებელ კითვაზე - ანუ გადააგდეთ? მოწმემ უპასუხა - არვიცი. 

დღეს სხდომაზე ასევე გაირკვა, რომ სამმართველოს, სადაც მანჯავიძეა დასაქმებული, უფროსი არ ჰყავს. პატრულ-ინსპექტორმა თქვა, რომ დროებით უფროსისი მოვალეობას ბაჩანა ხურცილავა ასრულებს, თუმცა მოწმემ არ უპასუხა კითხვას, თუ ვინ იყო სამმართველოს უფროსი დარბევების დროს.

შეგახსენებთ, რომ სინდისის პატიმრების პროცესზე დილიდან პროკურატურის მიერ მიყვანილი მოწმე პოლიციელები იკითებიან. 

  • ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
  • ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

მსგავსი სიახლეები