„რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება ეროვნულ ინტერესებს“ - ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი პოლოლიკაშვილზე

16.05.25 12:43
„რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება ეროვნულ ინტერესებს“ - ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი პოლოლიკაშვილზე

ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა მაისურაძე, რომელიც ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ გადადგა და დაწერა, რომ რჩება საქართველოს ევროპული მომავლის ერთგულად, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ჯერ კიდევ მოქმედი გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის უკან გაწვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

მაისურაძის თქმით, „რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება ეროვნულ ინტერესებს“.

„ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა, გენერალურ დირექტორად 2017 წელს აირჩიეს. ეს იყო და არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი წარმატება, რადგან საერთაშორისო დონეზე, ასეთ მაღალ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყოლია. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის თავად ზურას პიროვნულ ფაქტორს. მე, იმ დროს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, აქტიურად ვიყავი ჩართული აღნიშნულ კამპანიაში.

ქვეყნები მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს ძალისხმევას დებენ იმაში, რომ საერთაშორისო ფორმატებში, განსაკუთრებით მაღალ და მნიშვნელოვან პოზიციებზე მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილები. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოსთვის ტურიზმი მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ქვეყნის უდიდესი პოტენციალის გათვალისწინებით. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა თავისი წარმომადგენელი ამ პოზიციაზე, იყო უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რაც ზურას აქვს გაკეთებული საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის.

აი ამ ყველაფრის ფონზე ხდება ზურაბ პოლოლიკაშვილის, თითქმის უკვე გამარჯვებული კანდიდატის კანდიდატურის მოხსნა. მესამე ვადით არჩევნებში მონაწილეობა დასაშვებია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და შესაბამისი პრეცედენტიც არსებობს.

რაც შეეხება რეჟიმის მითითებებს და გადაწყვეტილებებს, რეჟიმისთვის მიუღებელია ყველა, ვინც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არა რუსეთის ინტერესებს“, – წერს ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი.

"ქართულმა ოცნებამ" გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გამოიწვია და მხარდაჭერა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს გამოუცხადა. 

თავის მხრივ, პოლოლიკაშვილი „ოცნების“ მესვეურებს „დიპ ვირთხებს“ უწოდებს და ამბობს, რომ კობახიძე მას სამი კვირაა ემალება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  საქართველო, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) სავარაუდო გარიგებით ცვლიდა გაეროს ტურიზმის გენერალურ მდივანს გამოცემა The Diplomat-მა გაავრცელა.  ესპანური გამოცემა წერდა, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ დაახლოებად აღიქმება.

მსგავსი სიახლეები