ადამიანის სრულად გაშიშვლების პრაქტიკა შეიძლება არაადამიანურ მოპყრობად შეფასდეს - ხატიაშვილი
"ადამიანის სრულად გაშიშვლება დაუშვებელია" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტმა, გოგა ხატიაშვილმა Amnesty International-ის მწვავე ანგარიშის შეფასების დროს განაცხადა.
გოგა ხატიაშვილი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის პოზიციას სრულად იზიარებს და ამბობს, რომ ადამიანის სრულად გაშიშვლების პრაქტიკა შესაძლოა არაადამიანურ მოპყრობად კვალიფიცირდეს.
ადამიანის სრულად გაშიშვლება არის დაუშვებელი. ეს არის მითითებული კანონმდებლობაში. ხოლო დანარჩენ შემთხვევაში, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება ადამიანის გაშიშვლებასთან დაკავშირებით, ოღონდ ეს არ უნდა იყოს სრული გაშიშვლება, ეს უნდა ემყარებოდეს კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ კრიტერიუმებს და კანონმდებლობისა თუ გარემოებების ინდივიდუალურ შეფასებას. ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული ყველა დაკავებულის თუ შესამოწმებელი პირის მიმართ ავტომატურად, ინდივიდუალურ გარემოებებს და თავად ამ პირისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებს უნდა ეფუძნებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა ადამიანის გაშიშვლება, ეს უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად. ადამიანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ტანსაცმლის ზედა ნაწილი გაიხადოს, შემდეგ ის ჩაიცვას და ტანსაცმლის დანარჩენი ნაწილები გაიხადოს. თუ ადგილი აქვს ადამიანის სრულად გაშიშვლების პრაქტიკას, ეს შეიძლება როგორც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობად შეფასდეს". - განაცხადა გოგა ხატიაშვილმა.
"ქალი მომიტინგეები ძალადობისა და გენდერული ნიშნით ანგარიშსწორების სამიზნეები ხდებიან" - ამ სათაურით Amnesty International საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ქალების წინააღმდეგ გენდერული ნიშნით ძალადობას იყენებენ.
Amnesty International ყურადღებას სექსუალური ძალადობის მუქარებსა და შეურაცხყოფებზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ რეჟიმი "დაშინებისა და დასჯის კამპანიის ფარგლებში" ქალების ჩხრეკას დამამცირებელ პირობებში აწარმოებს.
საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მოცემული ფაქტები არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, არამედ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობას და სტანდარტებს არღვევს.