დასადგენია, როგორ აღმოჩნდა მკვლელის ხელში წივწივაძის იარაღი - ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი
მოკლული ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი გამოძიებას მოუწოდებს, სასწრაფოდ დაადგინოს, ვინ ატარებდა ბოლოს სანდრო წივწივაძის მფლობელობაში არსებულს იარაღს. ინტერესების დამცველის თქმით, უნდა დადგინდეს, როგორ აღმოჩნდა აღნიშნული იარაღი მკვლელის ხელში.
ადვოკატს აინტერესებს, ნამდვილად დაკარგა თუ არა წივწივაძემ იარაღი თუ ეს საქმიდან თავის დასაღწევად გამოყენებული ხრიკია.
ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ უძილაურს ჯანგველაძე საკუთარი გადაწყვეტულებისამებრ არ მოუკლავს და ეს მკვლელობა შეკვეთილი იყო.
ნამდვილად დადასტურდა შესაბამისი მტკიცებულებებით, რომ ის ფლობდა ზუსტად იმ იარაღს, რომლითაც განხორციელდა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა. ახლა კი დასადგენია, ამ ადამიანის მფლობელობიდან ვის მფლობელობაში გადავიდა ეს იარაღი ანუ იარაღის წარმომავლობა და ის, თუ როგორ აღმოჩნდა მკვლელის ხელში აღნიშნული იარაღი. ახლა ჩვენ ველოდებით უკვე შემდგომ ნაბიჯებს, შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას იმისთვის, რათა დადგინდეს რეალობა.
თუ იარაღის წარმომავლობასთან დაკავშირებით ყველა შეკითხვა გაქრება, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რათა პასუხი გავცეთ კითხვას: ვინ შეუკვეთა მკვლელობა.
აღნიშნული უნდა დადგინდეს შესაბამისი გამოძიების შედეგად. ამ ადამიანმა ეს იარაღი დაკარგა ნამდვილად? თუ ეს, უბრალოდ, მისი სტრატეგიაა, რომ თავი იმართლოს?
ეს არის შეკვეთილი მკვლელობა, რომ გელა უძილაურს საკუთარი პირადი მოტივით ნამდვილად არ გადაუწყვიტავს ლევან ჯანგველაძის მკვლელობა. მას ეხმარებოდნენ, მას აწვდიდნენ ინფორმაციებს, მას უკვეთავდნენ, თუ რა ქმედებები უნდა განეხორციელებინა და როდის და ეს პირები აუცილებლად უნდა დაადგინოს საგამოძიებო ორგანომ, - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ ლევან ჯანგველაძის საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა. გამოძიებით დადგინდა, რომ იარაღი, რომლითაც ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა მოკლეს, სანდრო წივწივაძის სახელზეა გაფორმებული.
სანდრო წივწივაძე დღეს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო წივწივაძის დაკავებამდე შაბათის ეთერმა ვერეს ხეობაში სათვალთვალო კემერების ჩანაწერები გაასაჯაროა, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება გელა უძილაური. კადრებში ჩანს, რომ სავარაუდო ქილერი გარკვეულ ნივთებს იღებს. სავარაუდოდ, საუბარია ჩანთაზე. დაზარალებულის ადვოკატს ჰქონდა ეჭვი, რომ მკვლელობის იარაღი შესაძლოა, სწორედ ამ ჩანთაში ყოფილიყო.
რა კავშირი აქვს დაკავებულ პირს გელა უძლაურთან, ახლა გამოძიებამ უნდა დადგინოს.