"რუსული რეჟიმის და DEEP კლოუნების დღეები დათვლილია, გავიმარჯვებთ სახელოვნად" - გიორგი ჩიკვაიძის წერილი ბაჩიაშვილს

29.05.25 14:03
"რუსული რეჟიმის და DEEP კლოუნების დღეები დათვლილია, გავიმარჯვებთ სახელოვნად" - გიორგი ჩიკვაიძის წერილი ბაჩიაშვილს

რეჟიმის მამხილებელი ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე ქართველი ოლიგარქის მილიარდების ყოფილ მმართველს, გიორგი ბაჩიაშვილს წერილით მიმართავს - ოთხ კედელში გამომწყვდეული ჩიკვაიძე ბაჩიაშვილს გამძლეობას და მხნეობას უსურვებს. 

გიორგი ჩიკვაიძე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ "უსამართლობის, დევნის, პოლიტიკური სასამართლოს ურცხვი გადაწყვეტილებების ფონზე, დამსახურებული გამარჯვება მალე დადგება". 

"რუსული რეჟიმის და DEEP კლოუნების დღეები დათვლილია. გავიმარჯვებთ სახელოვნად" - უთვლის გიორგი ჩიკვაიძე გიორგი ბაჩიაშვილს, რომლის სასამართლო პროცესიც დღეს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. 

ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. იშვიათად მინახავს გიორგი ბაჩიაშვილისნაირი გამბედავი, წესიერი და სამართლიანი კაცი. პირადად ჩემთვის, ის არის სამაგალითო ადამიანი და ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი. ქვეყნისთვის ამ რთულ დროს, დარწმუნებული ვარ, მისი თავმდაბლობიდან გამომდინარე ბევრმა არ იცის, თუ როგორ ედგა ის ადამიანებს გვერდში. მის წინააღმდეგ წარმოებული უსამართლო, კრიმინალური სპეცოპერაცია რეალური გამოხატულებაა ივანიშვილის რუსული რეჟიმის.

გიორგი მხნედ იყავი. გამარჯვება ჩვენია. შენი წილი ამ უსამართლობის წინააღმდეგ განსაკუთრებით დიდია, რასაც რეალური გამძლეობა სჭირდება. ამხელა უსამართლობის, დევნის, პოლიტიკური სასამართლოს ურცხვი გადაწყვეტილებების ფონზე, დამსახურებული გამარჯვება მალე დადგება. მესამე თვეა აქ ვარ და ამ წუთამდე არ ვიცი, პირადად მე რა მიქნეს. თუმცა ფიზიკურ მდგომარეობას არც ჩემს გონებაზე უმოქმედია და არც გამარჯვების მისწრაფებაზე.

ხშირ შემთხვევაში, როდესაც ამაზე მიფიქრია, ჩემთვის მოტივაცია შენი გამბედაობა და სამართლიანობა გამხდარა. რუსული რეჟიმის და ამ დიფ კლოუნების დღეები დათვლილია. გავიმარჯვებთ სახელოვნად." - წერია წერილში.

გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლოშია - "პირველების" ინფორმაციით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ბადრაგების სამსახურმა უკვე მიიყვანა საქალაქოში. საუკუნის გაქცევის მთავარი გმირი დუმილის დარღვევისთვის ემზადება. "მტკვარი ჰესის" საქმეზე პროცესი ზუსტად 14:00 საათზე დაიწყება.

პატიმარი, რომელიც წლები ივანიშვილის მილიარდების განკარგავდა, მზადაა მისი დაკავების ბურუსით მოცულ ამბავზე საჯაროდ ილაპარაკოს. წესით, დღეს უნდა გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი - როგორ მოხვდა გიორგი ბაჩიაშვილი აბუდაბიდან რუსთავის მე-12 ციხეში.

  • გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ სუს-მა გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები