ბაჩიაშვილის ადვოკატი ბიზნესმენის გატაცების საქმის გამოძიებას ითხოვს
გიორგი ბაჩიაშვილის სკანდალური განცხადების შემდეგ, ბიზნესმენის ადვოკატი პროკურატურას მიმართავს და ბიზნესმენის გატაცების საქმის გამოძიებას ითხოვს.
ლევან მახარაშვილი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან აცხადებს, რომ სხდომათა დარბაზში ოლიგარქის მილიარდების ყოფილი მმართველის მიერ გაკეთებული განცხადება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გიორგიმ გააკეთა დღეს იმგვარი განცხადება, რაც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, არაერთი დანაშაულის. შესაბამისად, მან თავად მოსთხოვა მოსამართლეს, რომ მოხდეს ამ ფაქტზე რეაგირება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსგავს შემთხვევაში, როდესაც სასამართლო მიიღებს პირისგან ინფორმაციას შესაძლო დანაშაულის შესახებ, ის თავად არის ვალდებული, რომ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვოს გამოძიების დაწყება, ანუ ფაქტის გადამოწმება. ამას გარდა ცხადია, ჩვენ ცალკე მივმართავთ საგამოძიებო სტრუქტურებს, მოვითხოვთ გამოძიების ჩატარებას და ყველა იმ ფაქტის გადამოწმებას, რაზეც დღეს გიორგი ბაჩიაშვილმა დეტალურად ისაუბრა." - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილმა სხდომაზე სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.