"აირზენას" პირველი კომენტარი - თვითმფრინავნი კერძო პირმა შეუკვეთა
გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოში ჩამოსაყვანად თვითმფრინავი სავარაუდოდ კერძო პირმა შეუკვეთა - "აირზენაში" "პირველებს" ეუბნებიან, რომ მათ თვითმფრინავებს ყოველდღიურად ქირაობენ და 26 მაისს დუბაიდან-თბილისში შესრულებული რეისიც კერძო ფრენა იყო.
დღეს სასამართლო სხდომაზე ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა განაცხადა, რომ ის საქართველოში სწორედ "ჯორჯიან ეარვეისის" Bombardier-ის მეშვეობით ჩამოიყვანეს.
- "პირველების" ხელშია, სავარაუდოდ, იმ რადარების მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ აირზენას VIP თვითმფრინავი აბუ-დაბიში 26 მაისს, საქართველოს დროით 15:23 წუთზე იმყოფებოდა, ხოლო როცა ფრენა დაიწყო ხომალდს უმეტესი დროის განმავლობაში სანავიგაციო სისტემა გათიშული ჰქონდა.
დღეს დეტალების გასარკვევად "პირველები" "აირზენაში" იმყოფებოდა, თუმცა თამაზ გაიაშვილი კომპანიაში არ დახვდა. კომპანიის პიარმა, ვიქტორია კლიმიჩევამ "ტვ პირველს" უთხრა, რომ გაიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც საქართველოში არ იმყოფება.
"აირზენას" წარმომადგენელი არ პასუხობს კითხვას, ვინ იყო პასუხისმგებელი აღნიშნულ რეისზე.
- ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მფლობელი, სანქცირებული თამაზ გაიაშვილია.
- მისი სახელი ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკაში დასასვენებლად სამთავრობო თვითმფრინავით წასვლის სკანდალს უკავშირდება.
მე შემიძლია გითხრათ, რომ ყოველდღიურად ხდება კერძო პირების მიერ შეკვეთა კერძო რეისების ჩვენ სკომპანიაში და ამიტომ პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავცემ... მეტს ვერაფერს გავცემ", - განაცხადა კლიმიჩევამ.
მოგვაინებით, "ჯორჯიან ეარვეისმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ავიაკომპნია, ამტკიცებს, რომ "შეუძლებელია შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით".
განცხადების თანახმად, "აღნიშნულ პროცესს ბევრი შესაბამისი სტრუქტურა აკონტროლებს".
ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” მინიმუმ 3-4 ჯერ კვირაში ასრულებს კერძო პირების და სხვა სტრუქტურების მიერ შეკვეთილ ჩარტერულ რეისებს. აღნიშნული ჩარტერული რეისების შეკვეთებს აფორმებს ავიაკომპანიის კომერციული განყოფილება. კერძო პირების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს.
გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ
შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. აღნიშნულ პროცესს ბევრი შესაბამისი სტრუქტურა აკონტროლებს და
მსგავსი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და აზრს მოკლებულია", - ნათქვამია განცხადებაში.
გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში "აირზენას" თვითმფრინავით ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს - სკანდალური განცხადება ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა დღეს სასამართლოში გააკეთა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს .